ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნაზი ჯანეზაშვილი - “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!” 14.12.2019 12:22

“ვფიქრობდი 5-6 კანდიდატს აირჩევდნენ და არა 14 კანდიდატს, როგორც ჩანს, ყველაფერზე მიდიდან. უცებ, ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს ასე შევსება და დაკომპლექტება ბოლოს როდის იყო, არ მახსოვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი იყო: მხოლოდ შენ არ დააკომპლექტო, სხვა ხელისუფლებასაც დაუტოვე შანსი! პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით ჩინჩალაძის კლანი კიდევ უფრო გააძლიერა. ამით შექმნა ძალიან სერიოზული საფრთხეები. სასამართლო სისტემაში შეიძლება დაიწყოს რეპრესიები და საკმაოდ დაიძაბოს ვითარება. ასე გაძლიერებული კლანი ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითონ სისტემის შიგნით მოსამართლეებისთვის”, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაზი ჯანეზაშვილი: “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”


“ხელისუფლების გზავნილი ასეთია - არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ჩემსას მაინც გავიტან! მაგრამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პარადოქსულ ვითარებაში იმყოფება - მან ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა და იმ პოლიტპატიმრების მოსამართლეები დააწინაურა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. რა გამოდის?! მან სრულად გადაიფორმა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. და ეს კიდევ უფრო უარესი ფორმით გააკეთა, რადგან ახლა უფრო რთული ვითარებაა, კლანი ბევრად უფრო ძლიერია. მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი მაშინ ხმას ვერც კი ამოიღებდნენ, მორჩილი შემსრულებლები იყვნენ, ახლა აქტორები გახდნენ - მოთხოვნები აქვთ, რასაც ხელისუფლებს უსრულებს. ეს ვითარება “ქართულმა ოცნებამ” შექმნა თავის გადაწყვეტილებით, რაც 12 დეკემბერს დააგვირგვინა კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილი.

 

“კარგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არჩეულთა კვალიფიკაციაზე . აშშ იმდენ ფულს ხარჯავს საქართველოს სასამართლოს სისტემაზე, ყველა მოსამართლე მიჰყავს ამერიკაში, უნარ-ჩვევების რომ გაიძლიერონ, მეტი ცოდნა რომ მიიღონ. უხსნიან, ასწავლიან, მაგრამ ამ ხალხისგან არაფერი გამოდის - ცხადია, უმრავლესობაზე ვსაუბრობ და არა 1-2 ღირსეულზე. როდესაც ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მას ვერანაირი ტრენინგი ვერ შველის. ღირსება სწავლებადი არ არის. ან ხარ ღირსეული, ან არ ხარ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “უმრავლესიბა ამბობს, რომ ჩააგდეს ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო...” - პასუხობს:

 

“ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი გარკვეულ კანდიდატებს ჩააგდებდნენ, მაგრამ ალანიას და გეწაძის ჩაგდებას ნამდვილად არ მოველოდი, თუმცა მათ შანსი კიდევ აქვთ მეორე ეტაპზე... როცა თამარ ზამბახიძეზე ამბობენ, რომ ყველაზე კვალიფიციურია, მას რომ სკამი არ დაეკავებინა, ამისთვის ხალხი გარეთ ქუჩაში იდგა და ამ პროტესტის გამო ეს ხალხი დააკავეს! მე პარლამენტში არ შემიშვეს, რომ კენჭისყრას დავსწრებოდი, აი, ამ ფონზე აირჩიეს! მათთვის მთავარია კარიერა, თანამდებობა და ფული - თამარ ზამბახიძეს მინდა მივმართო - არ გრცხვენია?!”

ავტორ(ებ)ი : “ახალი თაობა”

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ