13.12.2019 13:25
“რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა მექნება ასეთ ადამიანებთან, მით უფრო სუფთა და დაწყნარებული იქნება ადამიანი”, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმ თავის ყოფილ თანაპარტიელებზე საუბრისას, რომლებმაც პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სასარგებლოდ მისცეს ხმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს, რის შედეგადაც 19 კანდიდატიდან უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი აირჩიეს, რომელთა შორის შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძეც არიან. ჭიჭინაძე თვლის, რომ მეცხრე მწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესია სამარცხვინო გადაწყვეტილებებით დაასრულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო“ - ჭიჭინაძე ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.
“ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფები, სესიას ალბათ ბოიკოტის რეჟიმში დავამთავრებ იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ, მით უმეტეს ბიუჯეტიც მიღებულია და ყველაფერმა ჩაიარა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პრაქტიკულად საშემოდგომო სესია კი არა, ზოგადად მეცხრე მოწვევის პარლამენტმა თავისი სამთვიანი მოღვაწეობა სამარცხვინო გადაწყვეტილებებით დაასრულა. აქედან გამომდინარე, ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო და მათ რაღაცაზე ესაუბრო, სადაც არანაირი მორალი და ღირსება არაა. იმ ადამიანებს ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის ბედ-იღბალზე რომ ესაუბრო, მგონია, რომ არაადეკვატურია. ჩემთვის მოსამართლეების თემა თავიდანვე მიუღებელი იყო, რეფორმასაც კი ვეწინააღმდეგებოდი იმიტომ, რომ ეს ჩვენს მოსახლეობაზე მორგებული არაა, ეს მდიდრებზე მორგებული სასამართლოა და მით უმეტეს ახლა პოლიტიკურად დატვირთულიცაა. ამიტომაც მე არც ამ რეფორმას ვუჭერდი მხარს და შესაბამისად, არც კანდიდატებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.
“რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა ამ რეფორმირებულ სასამართლოშია, რომელიც არ ასახავს იმ ადამიანების მოთხოვნას, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში სამართალს ითხოვენ. ესეთი ტიპის სასამართლოში უპირატესობა ყოველთვის ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური და ფინანსური გავლენა გააჩნიათ”, - განმარტავს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “გაქვთ თუ არა დამოუკიდებელ დეპუტატებს რაიმე სამოქმედო გეგმა”, - პასუხობს:
“ესეთი გეგმა ჯერჯერობით არაფერი არაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ რამდენი მოწვევის პარლამენტი ყოფილა და არც ერთს ასე არ უმოღვაწია. ზოგადად ძალიან მძიმე საყურებელია ის დეპუტატები, რომლებსაც პრაქტიკულად ღირსება აჰყარეს და მხოლოდ და მხოლოდ ხელის დამჭერებად გახადეს. მათაც კი რცხვენიათ თავის საქციელზე კომენტარის გაკეთება, ამიტომ მე რა კომენტარი გავაკეთო და რა გეგმა შევიმუშავო... ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა მექნება ასეთ ადამიანებთან, მით უფრო სუფთა და დაწყნარებული იქნება ადამიანი”.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge