სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"ნაპოლეონის გაფრთხილება Nvidia-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგს"- Financial Times 24.11.2026 01:19

„ნაპოლეონის გაფრთხილება Nvidia-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგს" - ასეთი საკმაოდ შთამბეჭდავი და იმავდროულად უცნაური სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსის" (Financial Times) საკვირაო, 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომლის ავტორი, გამოცემის მთავარი ბიზნესმიმომხილველი ენდრიუ ჰილი ერთმანეთს ადარებს ჯენსენ ჰუანგისა და ნაპოლეონ ბონაპარტის მართვის სტილს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„გენიოსი, თუმცა მასთან მუშაობა ძალზე დამღლელია". ეს სიტყვები ეხება არა Nvidia-ს ყოფილ ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგს, არამედ სხვა, იმპერიული მასშტაბის ლიდერს, რომელსაც მკაფიო ხედვა და მართვის მომთხოვნი სტილი ჰქონდა - ნაპოლეონ ბონაპარტს. ეს შეფასება მოცემულია ისტორიკოს ენდრიუ რობერტსის ახალ, საინტერესო წიგნში - „ნაპოლეონი და მისი მარშლები". ავტორი აღწერს 26 კაცისგან შემდგარ ელიტურ „მარშალთა კორპუსის" ნაკლოვანებებსა და ღირსებებს, რომლებიც საფრანგეთის იმპერატორმა თანამდებობებზე არა წარმომავლობის, არამედ პირადი დამსახურების მიხედვით დანიშნა, ევროპაში თავისი ბატონობის განსახორციელებლად.

ტერმინს, რომელსაც სამხედრო საქმისა და მენეჯმენტის თეორეტიკოსები უშუალოდ მართვადი გუნდის იდეალური ზომის განხილვისას იყენებენ, „მართვის დიაპაზონს" უწოდებენ. რიცხვი 26 საკმაოდ ფართო მასშტაბის მქონეა - კვლევითი ჯგუფ Gallup-ის მონაცემებით, ეს ორჯერ აღემატება იმ თანამშრომელთა საშუალო რაოდენობას, რომლებიც აშშ-ში მენეჯერებს უშუალოდ ექვემდებარებიან. თუმცა, ეს მაინც ვერ შეედრება იმ 60 ხელმძღვანელს, რომლებიც უშუალოდ ჯენსენ ჰუანგს ექვემდებარებოდნენ ჩიპების მწარმოებელ კომპანიაში, სანამ იგი მიმდინარე თვეში თანამდებობას დატოვებდა. თუ ამას დავუმატებთ ორ ინციდენტს - მათ შორის, სავარაუდო ჯაშუშთან დაკავშირებულ საქმეს - ჯენსენ ჰუანგის მართვის არეალი ლამის ზებუნებრივად გამოიყურება.

თუმცა, „ბრტყელი" ჰორიზონტალური იერარქია (ორგანიზაციული მართვის სტრუქტურა, სადაც თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მართვის საფეხურები მინიმუმამდეა დაყვანილი და გადაწყვეტილებების მიღება დეცენტრალიზებულია, თანამშრომლებს კი მეტი ავტონომია და პასუხისმგებლობა აქვთ), რომელსაც ჯენსენ ჰუანგი ამკვიდრებდა, უჩვეულო მოვლენა არ არის. მართვის შუალედური რგოლების შემცირება განსაკუთრებით ტექნოლოგიური სექტორის ლიდერებს უყვართ, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებს ხსნის და თანამშრომლებს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს.

Nvidia-ს ხელმძღვანელი გუნდის წევრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს არ მართავდა - ამის სანაცვლოდ, იგი მთელ გუნდს ერთად მიმართავდა, რათა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ყველასთვის ცნობილი ყოფილიყო.

Nvidia-ს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევდა, „ნებისმიერ დროს კალეიდოსკოპურად გარდაქმნილიყო", - წერს სტივენ უიტი ჯენსენ ჰუანგის ბიოგრაფიაში, სახელწოდებით „მოაზროვნე მანქანა" (The Thinking Machine). „არასდროს იცი, როდის შეიძლება მოულოდნელად კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდე", - ეუბნებოდა ხოლმე ჯენსენ ჰუანგი თავის „მარშლებს". ახლა, როცა თანამდებობიდან კომპანიის პრეზიდენტის და გენდირექტორის მოულოდნელი წასვლისა და მემკვიდრის არარსებობის გამო რთული სიტუაციაა შექმნილი, მისი სიტყვები წინასწარმეტყველურად გვეჩვენება.

წიგნ „ჰუმანოკრატიის" (Humanocracy) ავტორის მიშელ ზანინის აზრით (იგი მხარს უჭერს ბრტყელ იერარქიას და თავის ნაწარმოებშიც მას განადიდებს), კონტროლის განხორციელების ერთადერთი გზა მხოლოდ პროცესებზე დაყრდნობა არ არის. ამის ნაცვლად, შესაძლებელია „გუნდებს შესთავაზოთ მნიშვნელოვანი მისია, უზრუნველყოთ საქმიანობის გამჭვირვალობა... შექმნათ პასუხისმგებლობის მექანიზმი, რათა გადაწყვეტილებებს შედეგები მოჰყვეს. ასევე დანერგოთ კოლეგებს შორის უკუკავშირის სისტემა".

თუმცა, „ბრტყელი" იერარქია შესაძლოა „დაყავი და იბატონეს" პრინციპზე დაფუძნებული ძველმოდური ტაქტიკის სინონიმიც იყოს, რაც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი ლიდერის ძალაუფლებას აძლიერებს. როგორც Nvidia-ს შემთხვევაში, ისე ნაპოლეონის იმპერიაში, აშკარად მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი არსებობდა. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ჯენსენ ჰუანგი, ისე ნაპოლეონ ბონაპარტიც, მართვის სტილის თვალსაზრისით, „მიკრომენეჯმენტის" (ყველა დეტალის პირადად გაკონტროლების) მტკიცე მომხრეები იყვნენ და თავიანთი გავლენის სფეროს ორგანიზაციის ყველა ნაწილზე ავრცელებდნენ.

ნაპოლეონი თავის მარშლებს ათასობით წერილს უგზავნიდა. ბუნებრივია, ეს წერილები  ჯარების გადაადგილებასა და სამხედრო დაზვერვას ეხებოდა. ბრძოლისთვის მზადებისას, ეფექტიანი გენერალური შტაბის მეშვეობით, იმპერატორი საველე მეთაურთა ვიწრო წრეს დეტალურ მემორანდუმებში სტრატეგიულ მითითებებს უგზავნიდა, ხოლო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებას უშუალოდ თვითონ მათ ანდობდა. ამბობენ, რომ ნაპოლეონს უთქვამს: „ომის ერთ თეატრში ერთ ადამიანს ხუთზე მეტი დამოუკიდებელი შენაერთის მართვა არ შეუძლიაო". თუმცა, ბრძოლის ველის მიღმაც, ნაპოლეონი თავის მარშლებს არ ასვენებდა მისთვის ისეთი საკითხებიც ეცნობებინათ, როგორებიცაა „გადასატანი ქარის წისქვილები, დაპყრობილი ქალაქებიდან მიღებული ფულადი შენატანები, ასევე პურის, ორცხობილების, ბრინჯის, ძმრის, საქონლის ხორცისა და, განსაკუთრებით, ალკოჰოლური სასმელების მომარაგება".

2020 წლიდან მოყოლებული, ჯენსენ ჰუანგი თანამშრომლებისგან ითხოვდა, ჩამოეთვალათ ის ხუთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლებზეც მუშაობდნენ. შესაბამისად, იგი კვირაში 20 000 ელექტრონულ წერილს იღებდა და პასუხად ასობით მოკლე შეტყობინებას აგზავნიდა. ხელმძღვანელები ამ წერილებს სხვადასხვანაირად ახასიათებდნენ: ზოგისთვის ისინი „ჰაიკუს" ჰგავდა - იაპონურ ლექსს, რომელიც უკიდურესად მოკლეა და ძლიერი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ზოგისთვის კი - რაც უფრო საგანგაშოა - „გამოსასყიდის მოთხოვნის შემცველ წერილებს".

ორივე მათგანი - ნაპოლეონიც და ჰუანგიც - თავისი გუნდებისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ჰუანგი ცნობილი იყო იმითაც, რომ კოლეგებს საჯაროდ მკაცრად აკრიტიკებდა (იმავდროულად იგი, ცალკეულ შემთხვევებში, სიკეთესაც იჩენდა ხოლმე). სტივენ უიტის წიგნში აღწერილია შემთხვევა, როცა ჯენსენ ჰუანგი თანამშრომლებს კომპანიის ახალ კორპუსში (რომელიც მილიარდები დაჯდა) სასმელი წყლის შადრევნების განლაგების საკითხშიც მწვავედ ედავებოდა: „იშვიათად თუ ვარ  კმაყოფილი", - აღიარებდა ხოლმე Nvidia-ს ხელმძღვანელი, - „რაც არ უნდა დავინახო, მე მასში მხოლოდ ნაკლოვანებას ვეძებ". ნაპოლეონ ბონაპარტი კი თავისი გუნდის კრიტიკისას შესაძლოა კიდევ უფრო სასტიკი ყოფილიყო - მას სიამოვნებას ანიჭებდა მარშლებსა და მინისტრებს შორის „მუდმივი შურის" გაღვივება.

Nvidia ახლა იმ „ბრტყელი" იერარქიული სტრუქტურის უმთავრესი გამოცდის წინაშე დგას, რომლის დანერგვასაც ხელს ჯენსენ ჰუანგი უწყობდა. კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი (და თვით აშშ-ის პრეზიდენტიც) ყოფილი გენდირექტორის თანამდებობაზე დაბრუნების კამპანიას შეუერთდა - მიუხედავად იმისა, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს განცხადებით, პოსტზე ჯენსენ ჰუანგის აღდგენას არ აპირებენ.

შესაძლოა, ჰუანგის ყოფილ 60 უშუალო დაქვემდებარებულს და კომპანიის 42 000 თანამშრომელს იმდენად მოსწონთ ეს „ცირკი", რომ „ცირკის დირექტორი" აღარც სჭირდებათ. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ კომპანიის დროებითმა გენერალურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა, თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა და აქციების სახით ახალი წახალისების პაკეტები დააჩქარა.

სხვათა შორის, ისტორიის გამოცდილება მოწმობს, რომ ნაპოლეონის ბედი ერთგვარი გაფრთხილებაა ჰუანგისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, თანამდებობაზე დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს. 1814 წელს „ტახტიდან" გადადგომის შემდეგ, ნაპოლეონმა - რომელსაც სჯეროდა, რომ იმპერიას კვლავ სჭირდებოდა მისი ხელმძღვანელობა - თავი დააღწია კუნძულ ელბაზე არსებულ ხანმოკლე პატიმრობას და ერთგული ჯარისკაცები თავის გარშემო შემოიკრიბა.

რა შეიძლება ითქვას მის მარშლებზე? ენდრიუ რობერტსი წერს, რომ მათ ათწლეულების განმავლობაში უწევდათ აეტანათ „მუდმივი ჩასაფრებები, გაუთავებელი მიკროწერილები და... დამამცირებელი შერცხვენის პერიოდები". რა თქმა უნდა, ნაპოლეონი „მათ უხვად აჯილდოებდა პატივით, ტიტულებით, ფულითა და მეფის სტატუსითაც კი, თუმცა იმპერატორი მათ მუდმივად აკლებდა იმას, რასაც ისინი ყველაზე მეტად ნატრობდნენ - მის პატივისცემას". იმ 26 მარშლიდან, რომლებსაც წოდებები ნაპოლეონმა მიანიჭა, მას ვატერლოოს ბრძოლის ველზე მხოლოდ ორი - მიშელ ნეი და ნიკოლა სულტი - ახლდა. ნაპოლეონი დამარცხდა და ატლანტის ოკეანეში ჩაკარგულ, შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, გადასახლებაში გარდაიცვალა.

 

წყარო

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ