19.10.2026 19:40
ყაზახეთის საინფორმაციო ტელეკომპანიამ 24.kz-მა ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია გამოქვეყნდა სათაურით „საქართველო ბენზინზე ფასების დაკლების გზებს ეძებს" (ავტორები - იულია ტუჟილკინა და შალვა სურამელაშვილი). ვიდეოსიუჟეტში ექსპერტები საუბრობენ შექმნილ სიტუაციაზე ავტოსაწვავის ფასების ზრდის ირგვლივ და განმარტავენ იმ მიზეზებს, რის გამოც ბენზინის ღირებულება მატულობს. რა შეიძლება გაკეთდეს ფასების დაკლების მიზნით?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველოში ბენზინის გაძვირება სერიოზული პრობლემა ხდება და ინფლაციას აძლიერებს. ქვეყანას არ აქვს საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სათბობის სპეციალური საცავები, ამიტომაც იმპორტიორებს მისი შესყიდვა ყოველ ორ კვირაში უწევთ, მსოფლიო ფასების რყევა კი საწვავის ღირებულებაზე მოქმედებს. ფასებზე დამატებით დატვირთვას ქმნის მაღალი სააქციზო გადასახადიც.
საქართველოში ბენზინი თითქმის ყველაზე ძვირია რეგიონში. ერთი ლიტრი საწვავის ფასი, მათი მარკების გათვალისწინებით, ერთნახევარი დოლარიდან იწყება და თითქმის ორ დოლარს აღწევს. მიმდინარე წლის განმავლობაში ბენზინზე ფასები 35%-ით გაიზარდა. ადრე ქვეყანა საწვავს რუსეთში ყიდულობდა, ნავთობპროდუქტები რკინიგზით შეჰქონდა, მყიდველებს მიმწოდებლები ზოგჯერ შეღავათებსაც სთავაზობდნენ, მაგრამ ახლა საქართველო დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზე, რაც ფასებზე აირეკლება.
ვახტანგ იობაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:
- მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა ყველაფერზე მოქმედებს და, რა თქმა უნდა, საწვავის ფასზეც. იძულებულნი გავხდით სხვა მიმართულებებზე გადავსულიყავით, კერძოდ, როგორც ევროპულ ქვეყანა-მომწოდებელზე - ბულგარეთზე, ასევე ყაზახეთზე (კომპანია „ყაზმუნაიგაზის" სახით) და თურქეთზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეუძლია საწვავზე ფასების დაკლება [იმპორტული] ნავთობის საკუთარი გადამუშავებით. ყულევის ნავსადგურში უკვე მუშაობს მცირე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ მისი სიმძლავრე არ არის საკმარისი ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამიტომაც საქართველო ძველებურად ისევ არის დამოკიდებული გარედან მომწოდებლებზე. რაც შეეხება საწვავის ღირებულებას, მასზე გავლენას არამარტო მსოფლიო ფასები ახდენენ, არამედ საზღვაო ტრანსპორტით იმპორტის ხარჯებიც. საწვავის ფასებზე დამატებით დატვირთვას ქმნის აქციზიც - დაახლოებით 180 დოლარი ერთ ტონაზე, რაც მეტია სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით. ამას თან დაკავშირებით, თავისუფალი ბიზნესის ასოციაციამ მთავრობას მოუწოდა აქციზი ორჯერ [90 დოლარამდე] შეამციროს, ნახევარი წლის ვადით.
ნოდარ სირბილაძე, თავისუფალი ბიზნესის ასოციაციის დირექტორი:
- სააქციზო გადასახადის [90 დოლარამდე] დაკლება ბიუჯეტს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. სავარაუდოდ, დანაკარგები შედარებით ნაკლები იქნება... და თუ ჩვენ ზომებს არ მივიღებთ და საწვავის ფასების მატების ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, სამწუხაროდ, სხვა საქონელზე ფასების ირიბი ზრდის წინაშე დავდგებით. ბენზინის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში სამომავლოდ ინფლაციური პროცესიც გაღრმავდება.
მაგრამ მთავრობაში თვლიან, რომ ხელისუფლებას სიტუაციის შემცვლელი ბერკეტები არ აქვს. აქციზის გადასახადი რომც შემცირდეს, ამით ბენზინის ახლანდელი ფასი ადრინდელს არ დაუბრუნდება. ამასობაში კი გაძვირებული საწვავი ინფლაციას აძლიერებს: სექტემბერში მისმა დონემ 5,6%-ს მიაღწია, თანაც მასში ორი პროცენტი ბენზინზე და დიზელზე ფასების მატების შედეგს წარმოადგენს.