პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"ისლამი ევროპაში: სიმართლე და სიცრუე"-The Economist 18.09.2026 18:52

ბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტის"  (The Economist) 18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ისლამი ევროპაში: სიმართლე და სიცრუე“, რომელშიც გაანალიზებულია ისლამური რელიგიის მიმდევარი მოსახლეობის მდგომარეობა თანამედროვე ევროპის ქვეყნებში. რა პრობლემები აქვთ მუსლიმ მიგრანტებს? როგორ ხვდება მათ ადგილობრივი საზოგადოება? როგორ მიმდინარეობს მათი ადაპტაციის პროცესი ქრისტიანულ მოსახლეობაში?

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ევროპაში ისლამთან დაკავშირებით პანიკა ვრცელდება: ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ ისლამი დასავლურ ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამას წინათ, ექვს სექტემბერს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში  ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (რომელმაც ხმების 44% მოიპოვა, რაც რეკორდულია გერმანიისთვის), მოსახლეობა გაფრთხილა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება „ისლამიზაციის“ პროცესს ხელს უწყობს და პირობა დადო, რომ ისლამის უცხოელი მორწმუნეების იძულებით დეპორტაციას განახორციელებს.

 

იმავე ექვს სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ქალაქ დუვრის ნავსადგურში თავმოყრილი ასობით მოხულიგნო ნიღბებიანი ადამიანი უცხოელ მიგრანტთა წინააღმდეგ გამოვიდა და  გაჰყვიროდა - "გააჩერეთ ნავები ლა მანშში" და "ქრისტე ყველას მეუფეა". საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერის მარინ ლე პენის მოწოდებას - აკრძალოს ხელისუფლებამ ისლამური თავსაბურავის ტარება საზოგადოებრივ ადგილებში - მხარი ამომრჩეველთა 60%-მა დაუჭირა. ეს აკვიატებული იდეა მომხრეებს აშშ-იც პოულობს , სადაც მოსახლეობას უკვე ტერორისტული აქტების კი აღარ ეშინია (როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ იყო), არამედ ისლამური შეთქმულებისა ევროპაში გაბატონების შესახებ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპაში „ევროპული ცივილიზაციის კვალი იშლება“.

 

რამდენად არასასურველი და მიუღებელია ასეთი წარმოდგენები და განცხადებები? ჯერ ერთი, რომ ისინი  ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ზიანს აყენებენ. ასევე არასწორია იმის მტკიცება, რომ ევროპას ისლამიზაცია ემუქრება და რაღაც ამის მსგავსი. არა, ევროპას არ ემუქრება არც ისლამიზაცია, არც ისლამური გადატრიალება, არც ისლამური რევოლუცია, არც მუსულმანთა რადიკალიზაცია და არც ევროპული კულტურის განადგურება. ამასთანავე, ევროპაში არსად არ არის „აკრძალული ზონები“ მუსულმანებისათვის, შარიათის კანონები ეროვნულ კანონმდებლობაში არ არის ასახული და არსად არ ხდება ისლამური დემოგრაფიული „ჩანაცვლება“.

 

ევროპისათვის რეალური საფრთხე სხვა მოვლენაშიავ - ექსტრემიზმში, რომელსაც ისლამიზმი ასაზრდოებს (ანუ იმის მტკიცებაში, რომ სახელმწიფომ ისლამური პრინციპების დაცვა უნდა უზრუნველყოს) და მემარჯვენეთა პარანოიაში, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება. მემარცხეენეები, თავის მხრივ, სიტუაციას უფრო ამძიმებენ, როცა უარყოფენ შედარებით მოკრძალებულ, მაგრამ რეალურ გამოწვევებს, რასაც ისლამი წარმოადგენს. თავისი ქცევით იგივეს აკეთებენ პოლიტიკოსები, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ, საკუთარ თავზე რასიზმის ბრალდებები რომ არ გამოიწვიონ. ასეთ დინამიკას მართლაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ევროპის ლიბერალურ დემოკრატიას - არა იმით, რომ ვაითუ ხალიფატის წესებით შეიცვალოს, არამედ ინტეგრაციის შენელებით და ისეთი პოლიტიკის წაქეზებით, რითაც ფასეულობები მართლაც გრძელვადიანად დაზარალდება.

 

ევროპაში ისლამის მოძალებაზე არსებული ყველაზე მძაფრი შიშები ადვილად შეიძლება გაიფანტოს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური რელიგიის მქონე ქვეყნებიდან რეკორდული მასშტაბის მიგრაცია განხორციელდა, მუსლიმები ამჟამად ევროპის 500 მილიონზე მეტი მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ. მართალია, ახალჩამოსულებს, როგორც წესი, უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ შობადობის მაჩვენებლები ორი თაობის განმავლობაში თითქმის თანაბრდება, რაც ევროპული ცივილიზაციის გაქრობისგან ძალიან შორსაა.

 

იმიგრანტ-მუსლიმანთა უმრავლესობა თავიანთ ახალ ევროპულ სახლში თვითონ კი არ კარნახობენ და აიძულებენ მასპინძლებს იმ საზოგადოების წესებით იცხოვრონ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ, არამედ თვითონ განიცდიან ადაპტაციას და ადგილობრივ სიტუაციას ეჩვევიან. მათი შვილები, როგორც წესი, უკეთესად სწავლობენ სკოლებში, უკეთესად ეუფლებიან ენას, ვიდრე მშობლები. 2021 წელს ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები სტანდარტული ტესტების ჩაბარების დროს ბანგლადეშელთა შვილები 67%-ით მეტი აღმოჩნდნენ, ვიდრე თვითონ თეთრი ბრიტანელების (38%). ბევრი მუსლიმანი ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგალიტად, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ლონდონის მერი. მუსლიმანთა ხედვები სხვა ევროპელების ხედვებს ჰგავს: ჩვენი ჟურნალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს დროს გაირკვა, რომ მუსლიმთა ოჯახებში ქალები სახლის გარეთ სამსახურზე ძირითადად უარს არ ამბობენ.

 

 

და თუ ასეა, მაშ რატომღა არიან ევროპელები ისლამისა და მუსლიმანთა წინააღმდეგ განწყობილნი? ბევრ მუსლიმანს არალიბერალური ხედვები აქვს და რადიკალურად მოქმედებენ - მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მოკლედ იმამი, რომელიც გეი აღმოჩნდა. ჩვენი გამოკითხვის თანახმად, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მუსლიმთა 52% ჰომოსექსუალიზმს მიუღებლად თვლის, ხოლო ახალგაზრდა მუსლიმების აზრით, თუ ვინმე წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს, მის მიმართ ძალადობა გამართლებულია.

 

რასაკვირველია, სოციალურად კონსერვატიული ხედვების მქონე ადამიანი თავის თავად საშიში არ არის - მუსლიმების მსგავსად, თვით ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენეც გამოდის გეების წინააღმდეგ და მათ ქცევებს გმობენ, მაგრამ მუსლიმთა ზოგიერთი ხედვა ლიბერალებში მაინც ეჭვს და ნეგატიურ მიდგომებს აჩენს - ადრე ბევრი მათგანი ვარაუდობდა, რომ ღია საზოგადოებაში ცხოვრება ადამიანებს ტოლერანტიზმს უღვიძებს. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ სახელმწიფო ყურს იყრუებს და თვალს იბრმავებს უმცირესობების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პოლიტკორექტულობის მიზეზით (მაგალითად, როცა ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მუსლიმი მამაკაცების ბანდა ინგლისელ გოგონებს შეურაცხყოფდა), ასეთ სიტუაციაში მუსლიმთა ქცევა საზოგადოებაში აღშფოთებას იწვევს.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისლამის - როგორც რელიგიის - შერწყმა ისლამიზმთან -  როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, თავისთავად ისლამი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისლამიზმი უკვე პრობლემაა. 2001 წლის 11 სექტემბრის ჯიჰადისტებისგან განსხვავებით, ისლამისტთა უმრავლესობა ძალადობას მხარს არ უჭერს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი სარგებლობს ე.წ. „ჩანერგვის“ ტაქტიკით (ენტრიზმით), რაც გამოიხატება დემოკრატიულ ინსტიტუტებში შეღწევით და არალიბერალური იდეების გავრცელებით. ხელისუფლების ზემო ეშელონებში  კარგი კავშირების მქონე გავლენიან ისლამისტურ დაჯგუფებებს შეუძლიათ ისეთი კანონებისა და გადაწყვეტილებების ლობირება, რომლებიც სიძულვილის წამქეზებელია, ან ხელს უშლის ექსტრემიზმთან ბრძოლას. ენტრიზმის მთავარი საფრთხე ლოკალურია - ენტრისტთა პატარა, მაგრამ კარგად ორგანიზებულ ქსელს შეუძლია სკოლის, მეჩეთის, მუნიციპალური საბჭოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხელში ჩაგდება“ (ანუ მათზე გავლენის გავრცელება) და ასეთი დაწესებულებები გამოიყენონ ადგილობრივ საზოგადოებაში მუსლიმთა ინტეგრაციის წინააღმდეგ, ან ადგილობრივად მცხოვრებ მუსლიმებს თავს მოახვიონ ექსტრემისტული იდეები.

ევროპული ქვეყნების უშიშროების სამსახურებში მატულობს შეშფოთება მოძალადე ისლამისტების გააქტიურების გამო. საფრანგეთის სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ იზრდება „მუსლიმთა საძმოს“ გააქტიურება, რომლის წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე საიდუმლო გზებით შესვლას ცდილობენ. იგივე აზრი აქვთ არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციებსაც. გასულ წელს ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში გამოხატულია გაფრთხილება, რომ ისლამიზმი, დროთა განმავლობაში, შეიძლება საერო ცხოვრების წესებს და ქალების უფლებებს დაემუქროს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მოხსენებაში სიტუაცია გაზვიადებულია - საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, მუსლიმთა 2800 საკულტო ნაგებობიდან (მეჩეთებიდან) მხოლოდ 139 იყო დაკავშირებული აღნიშნულ „საძმოსთან“.

 

ექსრემისტ მუსლიმების მოქმედებას სხვა ნორმალური მუსლიმები ეწირებიან. ინლისის ჩრდილოეთ ნაწილში, ბლეკბერნის 12 მუნიციპალურ რაიონში 60% მუსლიმია, კიდევ ორში - 80%-ზე მეტი. მუსლიმთა ასეთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში არაოფიციალურად უკვე საკუთარი წესები და ტრადიციები მოქმედებს: ქალები ზეწოლას განიცდიან, რომ ისინი დათანხმდნენ მათი ოჯახების შარიათული კანონებით მართვას. მუსლიმი-გეები და ლიბერალები დაშინებას განიცდიან. მუსლიმი-ნონკონფორმისტები ჩივიან, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფალნი, იმის შიშით, რომ ვაითუ რასისტებად ჩაგვთვალონო, მათზე ისე საიმედოდ არ იცავს არ ზრუნავს, როგორც ზრუნავს არამუსლიმ მოქალაქეებზე.

 

არსებობს ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემაც: ისლამისტები ანტისემიტიზმს აღვივებენ და ამაში არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს ღაზას სექტორის საკითხი. ისინი ითხოვენ, რომ სიტყვის თავისუფლება თავიანთი პოზიციის გამო არ შეეზღუდოთ. ისლამისტები აშინებენ და ემუქრებიან პოლიტიკოსებს, მეცნიერებს,  და ჟურნალისტებს და აიძულებენ მათ თვითცენზურას მიმართონ. ისლამისტები შიშ ნერგავენ სკოლებში, სტუდენტურ კავშირებში, პაციფისტურ ორგანიზაციებში...

 

ამგვარი მეთოდებით სარგებლობის კვალობაზე, ხდება ლოკალური საფრთხეების გადაქცევა კონტინენტურ საფრთხეებად. ისლამისტებისათვის მომგებიანი განაცხადონ, რომ მათო რომელიმე პოლიტიკური პროექტის კრიტიკა თვით ისლამის კრიტიკას (ჩათვალე: ისლამზე თავდასხმას) ნიშნავს. ამგვარი მიდგომით სარგებლობენ ევროპელი პოპულისტებიც, ზოგიერთი მემარცხენე ფრანგისა და „მწვანე“ ბრიტანელის ჩათვლით, რომლებიც მიგრაციის მიმართ  კონტროლის გამკაცრებას, დამნაშავეობასთან ბრძოლის გააქტიურებას რასიზმის გამოვლენად თვლიან.

 

„მემარჯვენე“ პოპულისტები ხშირად მიმართავენ შიშის ჩანერგვის მეთოდს და აცხადებენ, რომ ყველა მუსლიმი საფრთხის წყაროს წარმოადგენს და სახელმწიფოს ბრალს სდებენ „პოლიტკორექტულობის გამო სიმართლის დამალვასა“ და „ორმაგ სტანდარტებში“. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ილონ მასკი, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარ პლატფორმას იყენებს, რათა გავლენა მოახდინოს ისლამის მიმართ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე და მხარი დაუჭიროს ევროპის ანტიმუსლიმურ მემარჯვენე ძალებს — დაწყებული პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) და დამთავრებული ტომი რობინსონით - ბრიტანელი ულტრამემარჯვენე და ანტიიმიგრაციული მოძრაობის აქტივისტით.

 

კაცმა რომ თქვას, მემარჯვენე პოპულისტების მიერ შემოთავაზებული ზომებიც ისეთივე შორს დგანან ლიბერალიზმისაგან, როგორც ისლამისტებისა, რომლისგანაც თითქოსდა ევროპას იცავენ. ყოველდღიური განცხადებები, რომ „მუსლიმებს ქვეყნიდან გავაძევებთ“, „ტანსაცმლის ტარებას ავუკრძალავთ“ - ეს ყველაფერი მუსლიმებს აშინებთ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას და მათ ექსტრემისტებთან დაახლოებისაგენ უბიძგებს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მსგავს პოლიტიკას ატარებს, საკუთარ თავზე გამოცდის, თუ როგორ აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს მსგავსი სიძულვილის წაქეზება.

 

სწორედ ამიტომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ალტერნატივა უნდა ეძებონ. ძალადობა და მუქარები კანონიტ მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ იმავდროულად არავითარი ტაბუ (აკრძალვა) არ უნდა არსებობდეს „კულტურული დელიკატურობის“ თვალსაზრისით. სიტყვის თავისუფლება ტოლერანტობის მტერი არ არის, არამედ მის წინაპირობას წარმოადგენს. ღიად და გამჭვირვალედ უნდა იხილებოდეს და დაიგმოს როგორც რადიკალების შეღწევის მცდელობები საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, ასევე ექსტრემიზმი და ფანატიზმი. მთავრობა, რომელიც არასასურველ სტატისტიკურ მონაცემებს მალავს და არ აქვეყნებს, ამით საინფორმაციო ვაკუუმს ქმნის, რომლის შევსება ჭორებით, სპეკულაციური და გაზვიადებული ამბებით ხდება.

 

რა თქმა უნდა. ასეთი პრობლემებისადმი გამკლავება იოლი არ იქნება, მას საკმაო დრო დაჭირდება, მაგრამ იმედი არის. ევროპის მუსლიმები ასიმილაციას განცდიან - ისევე როგორც ადრეული მიგრაციების დროს ხდებოდა, რასაც კათოლიკეები, ებრაელები და კარიბის ზღვის აუზის მიგრანტები განიცდიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი სახლდებოდნენ. იმ დროშიც ეშინოდათ - ეჭვობდნენ, რომ მრავალრიცხოვანი მიგრანტი ადგილობრივ საზოგადოებას (მოსახლეობას) ვერ შეეთვისებოდა და პირიქით, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ თავისი ადგილი მონახა. მუსლიმებიც იპოვიან - იმ პირობით, თუ ამ პროცესს მათ მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და პარანოია ხელს არ შეუშლის.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ