"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent 02.09.2026 18:22

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) ჟურნალისტ სემ კაილის ავტორობით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული.

„ავტორიტარმა პოპულისტებმა - ისეთებმა, როგორიც ვლადიმერ პუტინია, კარგად იციან, რომ როცა კოლეგა-ანტიდემოკრატები მათ „ჩემო მეგობარო“-თი მიმართავენ, ეს შეიძლება დასასრულის მანიშნებელი იყოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. „გასაკვირი არაა, რომ ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის დროს, სკამზე მჯდარი რუსეთის პრეზიდენტი თავს მოუსვენრად გრძნობდა და ფეხებს შესამჩნევად აბაკუნებდა, სანამ მას ინდოელი პოპულისტი და ნაციონალისტი ნარენდრა მოდი საჯაროდ მინი-ლექციას უკითხავდა იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უნდა დაამთავროს“, - წერს ავტორი.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„რუსეთის პრეზიდენტი ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი: მისი ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 40% სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი, მაგრამ ეს ძალისხმევა სასურველ შედეგს არ იძლევა. ვლადიმერ პუტინის მოქმედებით მხოლოდ სიკვდილის მოსავალი მატულობს - ყოველთვიურად ფრონტზე 30 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იღუპება იმ მიზერული დაპყრობილი მიწის გაფართოებისათვის, რომლის დროსაც „სისხლის ტალღების მოქცევა და მიქცევა“ ხდება.

 

რუსული კაპიტალი ბანკებიდან გაედინება. უკრაინელთა მასშტაბურმა საჰაერო შეტევებმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობის ტერმინალებზე - საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. ამ დროს კი „თეთრი რუსები“, რომლებიც ფედერაციას მართავენ, დონბასში - იქ, სადაც ომის ხორცსაკეპი მუშაობს - სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს გზავნიან რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებიდან. (...)

 

„ყოველი დღე, სანამ ომი გრძელდება, კაცობრიობა, არსებითად, ერთი ნაბიჯით უკან იხევს.. მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კი კაცობრიობისთვის იმედის, რეალური განვითარების და  აყვავების მომტანია. ჩვენ დაუსრულებელი ომების წარმოებიდან მათი შეწყვეტის მცდელობაზე უნდა გადავიდეთ. საომარი მოქმედებები უნდა შეჩერდეს“, - უთხრა ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს.

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, მოხიბლულია ნარენდრა მოდით, რომელსაც მან „დიდი ადამიანი“ და „ჩემი მრავალწლიანი მეგობარი“ უწოდა - მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთგზის დაგმო ინდოეთი რუსეთის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის გამო. (..._

 

 

დონალდ ტრამპი ასევე მოხიბლულია ვლადიმერ პუტინითაც. აშშ-ის პრეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს იგი კრემლის მანქანის ნაწილი იყოს. დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის სურვილს უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის - დონბასისა და ყირიმის - რუსეთის კუთვნილებად აღიარების თაობაზე. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერმა მინიმუმამდე შეუმცირა პირდაპირი დახმარება უკრაინას, შეეცადა კიევზე მაფიოზური ზეწოლის მოხდენას (ისე, როგორც მაფიოზები იქცევიან!) სასარგებლო წიაღისეულზე გარიგების დასადებად. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინივით იქცევა: ემუქრება მეზობლებს (კანადას), ემუქრება მოკავშირეებს (დანიას), ცდილობს მათი ტერიტორიების ანექსიას... რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელს ოცნებაც კი არ შეეძლო ისეთ სიტუაციაზე, როცა მისი აგენტის როლს ესოდენ მაღალი თანამდებობის მფლობელი - აშშ-ის პრეზიდენტი - შეასრულებდა და მთლიანად მოსკოვის ინტერესების სამსახურში იქნებოდა.

 

 

ამრიგად, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ინდოეთისათვის „სასარგებლო იდიოტის“ როლის შემსრულებელი აღმოჩნდა. მაგრამ ამერიკელ ლიდერს, რასაკვირველია, თავისი ინტერესებიც აქვს: დონალდ ტრამპს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ორივესგან მხარდაჭერა ჭირდება, რათა როგორმე თავი დააღწიოს შექმნილ სიძნელეებს - კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ნოემბერში მან შეიძლება კონტროლი დაკარგოს წარმომადგენელთა პალატაზე და თვით სენატზეც, შემდეგ კი თავის პრეზიდენტობას დემოკრატების მზარდი ბრალდებების ქვეშ დაასრულებს. (...)

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ