"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro 31.08.2026 18:50

 

ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: „თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ" // რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ „პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა" (ავტორი - მაქსიმ დიუბერნე-ბოსკი). პუბლიკაცია ეხება აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამს, რომლის თანახმად, პარიზში და ლონდონში ისლამური რელიგიის მიმდევრები იმდენად მომრავლდნენ, რომ მათი ქცევის კოდექსი - "შარიათი ცხოვრების წესი გახდა". აშშ-ის ლიდერის პოზიციამ პარიზის მერის ემანუელ გრეგუარის აღშფოთება გამოიწვია.

 

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:


 

ამ ორიოდე დღის წინათ, 26 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ცნობილმა ტელეჟურნალისტმა გლენ ბეკმა ჰკითხა - „მხარს დაუჭერთ თუ არა ისეთი კანონის მიღებას, რომლითაც აშშ-ში შარიათი აიკრძალებოდა“. ეს საკითხი ამერიკულ საზოგადოებაში მწვავე დისკუსიებს იწვევს. „რაც შეეხება შარიათს, მე კატეგორიულად ვაცხადებ: ჩვენს ქვეყანაში მას ადგილი არ აქვს. არავითარი შარიათი! თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად არის შარიათი გავრცელებული... ჩადით ლონდონში, ჩადით პარიზში - იქ შარიათი ცხოვრების მეორე წესად არის აღიარებული. რაღაც უაზრობაა... ჩვენთანაც გარკვეულწილად ჩნდება ხოლმე, მაგრამ  სადაც კი შარიათს აღმოვაჩენთ, მას იქვე თავიდან ვიშორებთ“.

 

ბუნებრივია, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება პარიზის მერისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ემანუელ გრეგუარმა იქს-ქსელში დონალდ ტრამპს ასეთი პასუხი გასცა: „პარიზს არ ჭირდება იმ სახელმწიფოს მეთაურისაგან დარიგება-დამუნათება, რომელიც ქუჩებში რასისტულ რაზმებს უშვებს... ისინი იმ ადამიანებზე ნადირობენ, რომელთა შრომით აშშ ცხოვრობს. მე მიმაჩნია, რომ პარიზი, ლონდონი და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკიც ისეთი ქალაქებია, რომლებთაც ბევრი რამ აქვთ საამაყო“, - დაწერა პარიზის მერმა.

 

 

ემნაუელ გრეგუარის ნათქვამი უპირველეს ყოვლისა, ეხმაურება აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურს (ICE) ანუ იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია მიგრაციის კონტროლზე, მიგრანტთა დეპორტზე და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი უკავია. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემებით (ICE სწორედ მის სტრუქტურაში შედის), ივლისის თვეში ამ უწყებამ 50 ათასზე მეტი უცხოელი დააკავა საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო, რაც რეკორდული რაოდენობაა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების დროიდან - 2025 წლის იანვრიდან.

 

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა მსგავსი განცხადება გააკეთა ლონდონის მიმართაც 2025 წლის სექტემბერში, გაეროში გამოსვლის დროს, როცა იგი ამტკიცებდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში  „ყველაფერი შეიცვალა“ და „ვიღაცეებს შარიათის შემოღება აქვთ განზრახული“. ლონდონის მერმა სადიქ-ხანმა დონალდ ტრამპის გამონათქვამის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტს „რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობი“ უწოდა. სადიქ-ხანმა თავისი ქალაქი დაიცვა და ლონდონი „ლიბერალურ, მრავალკულტურულ, პროგრესულ და აყვავებულ“ ქალაქდ მოიხსენია.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ