21.08.2026 18:47
„ბრენდი „დამზადებულია გერმანიაში" (Made in Germany) თანდათან ქრება: ჩვენ სულ უფრო ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია გერმანულ გაზეთ „ბილდში" (Bild), რომლის ავტორის ჰაგენ მეიერის მიერ განხილულია გერმანული ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობა: მრეწველობა სამუშაო ადგილებს კარგავს. ნეგატიური ტენდენცია ზედიზედ უკვე ხუთი კვარტალის განმავლობაში გრძელდება. ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები სუსტდება...
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
გერმანიაში, რომლის ეკონომიკას ხუთიოდე წლის წინათ „ევროპის ლოკომოტივს" უწოდებდნენ, დღეს სულ უფრო ნაკლები ადამიანია მუდმივად დასაქმებული. მომუშავეთა რაოდენობა მცირდება. კრიზისი მრეწველობის ბევრ დარგს მოიცავს და შეუჩერებლად ფართოვდება. ფედერალური სტატისტიკური უწყების მიერ გავრცელებული ახალი მონაცემები აღრმავებს შეშფოთებას გერმანიის ეკონომიკისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის პერსპექტივის მიმართ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დასაქმების მატება მხოლოდ სახელმწიფო სექტორში შეიმჩნევა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გერმანიაში საშუალოდ მხოლოდ დაახლოებით 45,7 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ეს თითქმის 212 ათასით (0,5%-ით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. „ამრიგად, დასაქმებულთა შემცირების პროცესი გრძელდება, თანაც ნეგატიური ტენდენციის ტემპი დაჩქარდა კიდეც", - გამაფრთხილებლად აცხადებს გერმანიის ფედერალური სტატისტიკური უწყება.
სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, დასაქმებულთა რაოდენობა, 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში - აპრილ-ივნისში 53 ათასით შემცირდა, ანუ მაჩვენებლების დაქვეითება ზედიზედ უკვე მეხუტე კვარტალია გრძელდება.
განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაცია იკვეთება მომსახურების სახელმწიფო სფეროში, სადაც დასაქმების შესამჩნევ მატებას მხოლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფს. მაგალითად, განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში თანამშრომელთა რაოდენობა 187 ათასი ადამიანით გაიზარდა., რაც მრავალწლიანი ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს.
ეკონომიკის კერძო სექტორში კი სიტუაცია სულ სხვაგვარია - უარესი. გადამამუშავებელ მრეწველობაში, რომელსაც გერმანიისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს 159 ათასი სამუსაო ადგილი გაქრა, ანუ 2%. მშენებლობის სფეროში სამუშაო ადგილების რაოდენობა 17 ათასით შემცირდა (1,2%-ით). სასოფლო და სატყეო მეურნეობებმა, ასევე თევზჭერამ 9 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა (1,5%).
გრძელდება თვითდასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის შემცირებაც. გასულ წელს მათი რაოდენობა 3,6 მილიონი იყო, ახლა 58 ათასით (ანუ 1,6%-ით) არის მოკლებული.
დასაქმებულ ადამიანებთან ერთად მცირდება სამუშაო დროის საერთო მოცულობაც: მაჩვენებლი დაქვეითდა 0,5%-ით - 14,4 მილიარდ საათამდე.
გერმანიის ფედერალური მთავრობა არ ელოდება ამ ნეგატიური ტენდენციის სწრაფ გარდატეხას: „სტრუქტურული და დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე მაღალი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო, უახლოეს თვეებში სიტუაცია შრომის ბაზარზე საეჭვოა, რომ არსებითად გაუმჯობესდება", - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ყოველთვიურ მოხსენებაში.
ავტორ(ებ)ი :