21.08.2026 18:07

უკრაინის გაზეთის „დზერკალო ნედელის“ (Дзеркало тижня) 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ხელისუფლების გადაგვარება: როგორ მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი კომპეტენციის პიკს, ხოლო სახელმწიფო მმართველობის სისტემამ - ფსკერს“ (ავტორი - ინა ვიდერნიკოვა). პუბლიკაციაში მკაცრად არის გაკრიტიკებული უკრაინის პრეზიდენტი და მისი მართვის სტილი, პრეზიდენტის კორუმპირებული და არაკომპეტენტური გარემოცვა, რომელიც ქვეყანას უკან სწევს..

სტატიაში გაანალიზებულია უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე იმ საპროტესტო აქციების მიზეზები, რომელიც უკვე ერთ კონკრეტულ საკადრო საკითხს კი არ უკავშირდება, არამედ გადაზრდილია პრეზიდენტის მართვის სტილის წინააღმდეგ მიმართულ აქციად. „როგორი პერსპექტივა ელოდება წინ უკრაინას?“ - ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს ამ ფრიად საჭირბოროტო კითხვას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ვოლოდიმირ ზელენსკი ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში - 7 წელზე მეტი ხნის კადენციით - გვატარებდა ლაბირინთებში და ბოლოს... ჩიხში შეგვიყვანა. თანაც ომის საკვანძო მომენტში. თავდაცვის ექს-მინისტრთან მიხეილ ფედოროვთან დაკავშირებულმა პროტესტმა პრობლემები ძალზე მკაფიოდ გამოხატა. ახლა მათ პრეზიდენტი გვერდს ვეღარ აუქცევს. ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერაც სურს, პრობლემებს იმდენჯერ მიაჩუმათებს, შეუძლია ყურადღება ვიზიტების ბრწყინვალე შედეგებზე გადაიტანოს, მოსახლეობას გაბედულად და ოპტიმისტურად მიმართოს, შეუცვალოს პაიკებს ადგილები და ყოველი ახალი ჩავარდნა კონკრეტულ ადამიანებს დააბრალოს. მაგრამ განა რეალობა ამით შეიცვლება?

უკრაინა მონარქიას დაემსგავსა, თანაც გაუნათლებელს. მოიქცია რა მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში, პრეზიდენტმა კომპეტენციის მაქსიმუმს მიაღწია. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მან არ გააკეთა მთავარი, რითაც შეიძლებოდა უკრაინას მართვის სისტემის კატასტროფა თავიდან აეცილებინა: ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ გადააგდო თავისიანებისგან შექმნილი ბალასტი და ისინი კომპეტენტური პროფესიონალებით არ შეცვალა. მან სისტემას არ მისცა სიგნალი - „არ იპარო“.

რთულია იმის თქმა, თუ რა არის სახელმწიფოსათვის ყველაზე სახიფათო - კორუფციონერთა დანაშაულებრივი ქმედება თუ საკუთარი დილეტანტების დანაშაულებრივი უმოქმედება... მაგრამ როცა ეს ორი შხამი ერთ ფლაკონში აღმოჩნდება, რისკი უკვე პოლიტიკური აღარ არის. რისკი ისეთია, რომ ბრძოლის ველზე დამარცხდები.

რატომ მიმდინარეობს უკრაინაში ანტისახელისუფლო გამოსვლები? ვოლოდიმირ ზელენსკი ქაოსურად არ მართავს, იგი სრულიად თანმიმდევრულად წყვეტს თავისი საკუთარი  ხელისუფლების სისტემის გადარჩენის ამოცანებს. პრობლემა ისაა, რომ ამ მართვის სისტემის არქიტექტორის ამოცანები სახელმწიფოს ამოცანებს არ ემთხვევა. ის, რასაც ჩვენ ჩიხს ვუწოდებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, ალბათ, გზას წარმოადგენს. ისეთ გზას, რომელზეც  პრეზიდენტი მომავლისკენ სვლას აპირებდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წარმატებულად ივლიდა.

იმიტომ, რომ იმიტაცია ადრე თუ გვიან ან სიცარიელედ, ან აბსურდად გადაიქცევა.  ხელისუფლების წარმომადგენელთა თავებში შექმნილ სიცარიელეებზე ჩვენ ადრეც ბევრჯერ ვწერდით, აბსურდს კი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა „მთელი თავისი სილამაზით გვაჩვენებს“. მართლაცდა, არცერთ საკადრო დანიშვნების დროს გათამაშებული პარტიის დროს არ მომხდარა ისეთი რამ, რაც ახლა ბანკოვაიაზე (პრეზიდენტის ოფისში) ხდება - პოსტებზე დანიშნული ადამიანები  არანაირად არ შეესაბამებიან თანამდებობრივ მოთხოვნებს. ყოველი დანიშნული პიროვნება მოწოდებულია შეასრულოს ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი ბრძანებები და არა სახელმწიფოს ამოცანები.

გამოვიდა ისე, რომ ქვეყნისათვის ყველაზე უმძიმეს დროს, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, მთავარი მიმართულებების - თავდაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის -  სათავეში ძალიან სუსტი ადამიანები აღმოჩნდნენ. ყველგან კორუფციაა გაბატონებული. ერთადერთი ნათელი წერტილი მხოლოდ ანტიკორუფციული ბლოკი - ეროვნული ბიურო და სპეცპროკურატურა რჩება. (...)

რა იქნება შემდეგ?

ვოლოდიმირ ზელენსკის ინტელექტუალები დიდი ხანია ეუბნებოდნენ, რომ ბალასტი „გადაეყარა“ და მმართველ აპარატში პროფესიონალები მიეყვანა. ჩვენმა გაზეთმაც გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომლის დედააზრი შემდეგი იყო: უნდა შექმნილიყო ტექნოკრატების ან ეროვნული ნდობის მქონე მთავრობა. და თუ ასე მოხდებოდა, შეიძლებოდა სისტემის განახლება, შეიძლებოდა პრეზიდენტი სწორი გზით წასულიყო, დაებრუნებინა კონსტიტუციური სუბიექტობა პარლამენტისა და მთავრობისათვის... მაგრამ არა, ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა გზით წავიდა - მინდიჩთან, ერმაკთან, ჩერნიშოვთან, მალიუკთან, არახამიასთან, გალუშჩენკოსთან და პოკლადთან ერთად.

უკვე გადაწყვეტილია, რომ თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენი ხმარა დაინიშნება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლანდელი მიტინგები შეწყდება, ძალიან სცდება. ყოფილი მინისტრის მიხეილ ფედოროვის მხარდაჭერა მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისათვის - ბოლო წვეთი, რომელმაც ხალხის მოთმინების ფიალა აავსო.

პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებები განახორციელა არმიაშიც - ალექსანდრე სირსკი მიხეილ დრაპატით შეცვალა, მაგრამ პრობლემა უკვე კონკრეტულ ადამიანში აღარ არის. პრობლემა არის ის მართვის წესი, რომლებიც არაკომპეტენტურ ადამიანებს ზრდის, ინახავს, ნიშნავს და იცავს. წინ კი ზამთარია. და ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ.

„ხალხზე მზრუნველი“ და „ხალხის მსახური“ პარტიის ხელისუფლების მიმართ ნდობა სუსტდება. მართალია, კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია, მაგრამ გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების გადატვირთვის მომხრეთა რაოდენობა ერთი წლის წინ 73% იყო, 2026 წლის აგვისტოსთვის კი მათი რაოდენობა 88%-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის მიმართ გადატვირთვის მსურველთა მაჩვენებელმა უკვე 23%-დან 67%-მდე მოიმატა. ტენდენცია აშკარაა.

ამ სიტუაციაში ერთ ყველაზე მძიმე წინააღმდეგობის წინაშე ვდგებით. რაც არ უნდა ვთქვათ, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლური საზოგადოებისათვის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. ომის განმავლობაში იმ ქვეყნების ელექტორატებისათვის, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, ზელენსკი პრაქტიკულად ჰოლივუდის პოზიტიურ გმირად იქცა. არის ხოლმე მომენტები, როცა მისი რეპუტაცია იჩრდილება, მაგრამ საკმარისია პრეზიდენტის ერთი იღბლიანი ხუმრობა ნატოს სამიტზე - მაგალითად, „მოსკოვში მე პუტინთან არ წავალ, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს და სახიფათოა“ - დასავლეთში ზელენსკის პოპულარობა ისევ მატულობს.

და ეს მხოლოდ პიარი არ არის. ზელენსკით უკრაინის პერსონიფიცირება ხდება მილიონობით დასავლელი ამომრჩევლის თვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სრულიად რეალურ რესურსს წარმოადგენს მათი მთავრობების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად. ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება იმ მთავარ „ლურსმნად“, რითაც უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაა დამაგრებული. სამწუხარო ისაა, რომ ეს ლურსმანი ჩვენ ფეხში გვაქვს შესობილი, ტეტანუსის (გაშეშების) და სხვა ათეული ინფექციებით, რომლისგანაც ვიღუპებით.

ამიტომაც საკითხავია არამარტო ის, სჭირდება თუ არა ქვეყანას ხელისუფლების შენაცვლებადობა, არამედ საკითხავი ისიც არის, თუ როგორ უნდა მოხდეს შენაცვლებადობა ომის დროს, რომ ზელენსკისთნ ერთად არ დავკარგოთ ის, რაც მასთან არის დაკავშირებული.

როგორც ჩანს, ამ მომენტს ხელისუფლების შიგნითაც აცნობიერებენ. ბანკოვაიაზე მშვენივრად იციან, რომ მუყაოს ნაჭრებზე ხელით დაწერილი ლოზუნგებიანი პროტესტი ხელოვნური არ არის - მომიტინგეებისათვის არც ფული არ გადაუხდია ვინმეს და არც ვიღაცის ხელით არ არის ორგანიზებული. დღეს უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ხალხის სუნთქვაა, ხალხის აზრის გამოხატულება. ისინი გამოდიან არა იმდენად პრეზიდენტის რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს მართვის წესის წინააღმდეგ. (...)

ბოლო რეიტინგები, რომლებიც პრეზიდენტის ავტორიტეტს სერიოზულად და მტკივნეულად ურტყამს - ვოლოდიმირ ზელენსკისთვის და „ხალხის მსახური“ პარტიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, უკვე ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის შიგნითაც კი უშვებენ იმ აზრს, რომელიც ბოლო დრომდე შეუძლებლად მიაჩნდათ: რაღაც მომენტში პრეზიდენტს მოუწევს იმის აღიარება, რომ იგი „ახალთან“ კონკურირებას უკვე ვეღარ შეძლებს.

და ვინ არის ეს „ახალი“? როგორი „ყალიბისაა“?  ხომ არ აღმოჩნდება ახალი გვარი უბრალოდ ახალი ეტიკეტი იმავე სისტემისათვის? ამაზე ცალკე საუბარი მოგვიანებით გვექნება, ახლა მთავარი სხვაა. (...) ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ მოისურვა ნებაყოფლობით გაეკეთებინა ორწლინახევრის წინათ - პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა, ხელისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება - ახლა მას იგივეს გაკეთება სრულიად სხვა პირობებში მოუწევს. ჩვენი ხალხისა და ზელენსკის ხელისუფლების გზები ერთმანეთს რადიკალურად შორდება. გადაკვეთის წერტილები აღარ არის, პრეზიდენტმა თავისი თავი ამოწურა. მცირდება საზოგადოების ინტერესიც მის მიმართ. ეს სიმბოლურია, იმავდროულად საშიშიც. მაგრამ ეს უკვე ხდება. ახლა საკითხი ასე დგას: ამ გზაგასაყარზე მთავარია ერთმანეთს საბოლოოდ ისე დავშორდეთ, რომ უკრაინა გადარჩეს და წინ წავიდეს.

წყარო:

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ