პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU

"როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ?" - განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

 

"როგორ გგონიათ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ ან როგორ აპირებენ. ბორელი რომ გამოდის და ამბობს, შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვს. ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს.

 

არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავით აძევებდნენ რუსეთიდან.

 

ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს, ძალიან გვტკივა გული. უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს, უმძიმესი სიტუაციაა - არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას და რეალობა რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგავარ." - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა