ზურაბ ჟვანია 1963 წელის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა.
1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს მწვანეები“ (1988 წელი), „საქართველოს მწვანეთა“ ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.
1992 წელს გახდა ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
1993 წელს აირჩიეს "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს.
ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ნოემბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.
2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“.
2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ზურაბ ჟვანია იყო დემოკრატი ბუნებით და შეეძლო თავისი მენტალიტეტი მწყობრ ღირებულებათა სისტემად ჩამოეყალიბებინა და პოლიტიკურ სტრატეგიად ექცია. ის იყო ორატორი, რომელსაც ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე ერთნაირი შთაგონებითა და დამაჯერებლობით შეეძლო მოეხვია აუდიტორიისათვის საკუთარი აზრი, პოზიცია, განწყობილება, რწმენა.
ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ,,ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.”
2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე. სიმბოლურია, რომ ბიუსტმა სწორედ პარლამენტში დაიდო ბინა. იქ, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი ახალი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას უყრიდა საფუძველს. ბიუსტის გახსნას დაესწრნენ: მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე პარლამენტის წევრები და მინისტრები.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge