ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
შიო მესამე – უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს ამ გზაზე წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, გახსოვდეთ, თუ გვსურს ქრისტიანობა, მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის 23.11.2026 16:19

გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა წმინდა მონასტერში, წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც დაკრძალულია მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო და, გიორგისთან ერთად, ამით გვედიდებინა წმინდა წმინდა ნინოც, თაყვანი გვეცა ორივესთვის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, გადმოცემით ცნობილია, რომ წმინდა ნინოს ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული და სასოება წმინდა გიორგისადმი.

 

„გარდა დიდი სულიერი კავშირისა და ნათესაობისა, ისინი ხორციელი ნათესავებიც იყვნენ. ამას ადასტურებს ის, რომ წმინდა მოციქულთა სწორმა მეფე მირიანმა წმინდა ნინოს საფლავზე წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ააშენა. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე გიორგი და მოციქულთა სწორი ქალწული ნინო.

 

დღეს ჩვენ ვფიქრობთ მოწამეთა ღვაწლზე, განსაკუთრებით წმინდა გიორგის განსაკუთრებულ ღვაწლზე. ამ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად თვლიან ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლოებიდან ირჩევს ყველაზე ხელსაყრელს თავისთვის. ასეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მიწიური კეთილდღეობაა მთავარი ფასეულობა, გაუგებარია და მიუღებელი წმინდა გიორგის და სხვა წმინდანების არჩევანი.

 

წმინდა გიორგის წინაშე, ისევე როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. იგი ძალიან წარჩინებული იყო მეფის კარზე და ამქვეყნიური კეთიდლღეობის თვალსაზრისით თითქოს მათი არჩევანი იყო არასწორი. ამ კეთილდღეეობის თვალსაზრისით თითქოს არც იყო არჩევანი გასაკეთებელი, აჯობებდა სიცოცხლის შენარჩუნება და ამ სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ წმინდა გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვა არჩევანი გააკეთეს.

 

მეორე მხრივ, მათ წინაშე იყო საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტეს ერთგულებისთვის. მათ ეს არჩევანი გააკეთეს და სულიერი თვალსაზრისით, მარადისობის თვალსაზრისით ისინი ბევრად გონიერნი აღმოჩნდნენ თვიანთ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა, რომ მარადიულად ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან ერთად გაეხარათ. საშინელი იყო ის ტანჯვა, რომელიც მათ დაითმინეს. დღეს ბორბალზე წამების დღეა წმინდა გიორგის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამ წამებას ითმენდნენ, იტანდნენ ღვთის შეწევნით. როგორც ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მისი წამების ყველაზე მძიმე წუთებში, მას ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ". ეს უთხრა მას თვით უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც გამოეცხადა.

 

დღეს ჩვენ, მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ არც დღეს არის იოლი, იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან. და ეს ამასოფლისეური ცხოვრება იმდენად დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს, და ჩვენ უკვე ვხედავთ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი, რომ ვერ გუობს და განაგდეს თავისგან ადამიანს, ვინც მიისწრაფვის უფლისკენ და სულიერებისკენ.

 

უფალმა ბრძანა: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე". ეს უარყოფა ღვთისა ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება ასეთი ადამიანი.

 

ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს არანაირი წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების თუ სირთულის ამ გზაზე, რადგან გახსოვდეთ, თუ ჩვენ გვსურს ქრისტიანობა და უფალთან ყოფნა, უფლის გადარჩენა, მზად უნდა ვიყო ყოველგვარი ღვაწლისთვის. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ შენ ცხოვრების გვირგვინს".

 

ასეთი ერთგული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი ღვთისა, ასეთი ერთგული იყო წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, ასეთი ერთგულები იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

 

ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი ერთგული ღვთისა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ჩვენ ასევე განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენიებთ. ასეთ ერთგულებას მოელის დღეს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე. წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს ლოცვით შეგვაძლებინოს ღმერთმა ასეთი მსახურება და ერთგულება", - განაცხადა შიო მესამემ.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ