23.09.2026 16:57
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1 715 აბიტურიენტი. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 506 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.