16.09.2026 20:52
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ის ქართველი მსმენელები, რომლებიც ჩინეთის მხარის მიწვევით ამ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტში გადიან სასწავლო კურსს.
ქართველ მსმენელთა ჯგუფი ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' მოხალისეთა გადამზადების გომბორის ცენტრის 8 და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4 წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული.
ჯგუფის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა კობა კობალაძეს და მის თანმხლებ დელეგაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტში მიღებული გამოცდილებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტის დირექტორმა, ქსუ ვეიმ მაღალი შეფასება მისცა ქართველი მსმენელების მონდომებას და პროფესიონალიზმს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გამოთქვა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მსმენელები, მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებენ.
გენერალ კობა კობალაძესთან ერთად, ქართველ მსმენელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე, საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ბესიკ შარაშენიძე.
ჩინეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს დაჩქარებული სასწავლო პროგრამით ქართველი მსმენელების მომზადება,ხოლო ქართული მხარის თხოვნით, ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო, ასევე, განიხილავს საქართველოსთვის გარკვეული სამაშველო აღჭურვილობის გადაცემის საკითხს.
ავტორ(ებ)ი :