28.08.2026 15:56
ძვირფასო მამებო, დედებო, დებო და ძმებო, გილოცავთ ყოვლად ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც დღევანდელი დღესასწაულის ტროპარშია ნათქვამი: შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე.
„ღვთისმშობელი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე, მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც. ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით.
ძვირფასო დებო და ძმებო, რაზე გვაფიქრებს ღვთისმშობლის მიძინების დღე? ჩვენს გარდაცვალებაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელება, საშინელი მოვლენა, უაზროც, რომელზეც არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ, რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს, ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში, მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ ჩვენ თუ მოგვინდება, ადამიანს თუ მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად.
სიკვდილი ჩვენთვის დღეს აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა დარჩენილი. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: მისი სახელიც კი ლიტონი გახდა. ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას. შეგახსენებთ თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს: ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლად. წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: არ გვინდა, ძმებო, თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე. აი, რა ყოფილა გარდაცვალება. ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში, ანუ დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.
ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით ან საერთოდაც არ ვემზადებით. მესამე დაბადების გაუცნობიერების გამო მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური, შიში და ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება. ძვირფასო დებო და ძმებო, დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე, როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედაღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს.
გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ", - განაცხადა შიო მესამემ.
ავტორ(ებ)ი :