22.08.2026 17:46
აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
„დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა - 17 კმ-იანი მონაკვეთი უკვე დასრულებული იქნება, რაცც საბოლოო ჯამში ბაღდათის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას სრულად უზრუნველყოფს.
პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენის, სადაც დაზიანებაა, დაპროექტებას და უკვე განხორციელებასაც.
ასევე ჩვენ დავათვალიერეთ ობსერვატორიასთან მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედი გვაქვს, წელს ეს პროექტი დასრულდება.
ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ფონდ „ქართუსა" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი, ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ამ კუროროტს ტურისტული თვალსაზრისით ახალი სიცოცხლე შეეძინა" - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აბასთუმნის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. უნიკალური კურორტის განვითარების მიზნით, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. აღიჭურვა ახალი გუმბათითა და ტელესკოპით. ასევე, შემუშავდა გენერალური გეგმა და განახლდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. გრძელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებაა. ასევე მიმდინარეობს, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია. ივნისში დაიწყო აბასთუმანი-ყანობილის მონაკვეთის მოწესრიგებაც, რომელიც ობსერვატორიასთან მისასვლელ გზას სრულად კეთილმოაწყობს. აბასთუმანში დასრულებულია ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობაც. მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს
ავტორ(ებ)ი :