თბილისის მერია – იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილების გაწმენდა 15.08.2026 12:00

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, პროცესში ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

 

„წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

 

„თბილსერვის ჯგუფის" მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.

სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის" ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.

ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.

გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება", - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა, გიორგი პაპავამ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ