შიო მესამე – ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული 15.07.2026 17:44

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საზოგადოებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაული  მიულოცა.

შიო მესამემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, საქართველოშია დავანებული.

ამასთან, შიო მესამის განცხადებით, სიწმინდეებს უნდა მივეახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, მცნებების დაცვით და მაშინ მოგვეცემა ის მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს, ვლაქერნობას. მაღალყოვლადუსმაღვდელოესო მეუფე გერასიმე, თქვენ  განსაკუთრებით გილოცავთ თქვენს მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიქვია ჩვენთვის, არამედ ეს არის დედაღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშანი. და განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობით და განგებულობით რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ, სამეგრელოში ინახება, როგორც სიმბოლო დედაღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან მყოფობისა. და როგორც ძველად იგი მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსაცდელისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიეახლება მას.

დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, საქართველოშია დავანებული. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედაღვთისმშობელმა ღირსყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი ქვეყანა გამხდარიყო. დედაღვთისმშობლისვე ლოცვა-კურთხევით საქართველოში იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე, სხვა მოციქულებმა, სიმონ კანანელმა და სხვებმა. დედაღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში და იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად  და შეურყვნელად იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და წელს შესრულდა 1 700 წელი  ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, რა დიდი კავშირი აქვს ქრისტეს რწმენას ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან. დღევანდელი დღესასწაული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული, ალბათ გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე - ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენს სულიერ შესამოსელზე. ჩვენ როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა, სულიერი შესამოსელი. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ქრისტეთი შევიმოსეთ ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედმორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ. დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედაღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში.

ისე დაემთხვა, რომ დღეს წაკითხული სახარებაც ამას გვეუბნება ჩვენ. ფარისევლები მიდიან უფალ იესო ქრისტესთან და ეკითხებიან, რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რომ დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელსო. უფალმა მიუგო, პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცსო, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებსო კაცს. მოციქულებმა ვერ გაიგეს ეს იგავი და პეტრე მოციქულმა სთხოვა უფალს, განემარტა მათთვის, რას ნიშნავს ეს. უფალმა უთხრა, რაც პირიდან გამოდისო, ის ჩვენი გულიდან გამოდისო და ის შეაგინებსო კაცსო, რამეთუ გულიდან გამოდის ბოროტი გულის ზრახვები, კაცის კვლა, მრუშობა, სიძვა და ჩამოთვლის უფალი - პარვა, გმობა, ანგარება, ამპარტავნება. აი, ეს შეაგინებსო ადამიანს. ამგვარად, ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, გულისფიქრებს, იმიტომ, რომ ვნებების აყოლა და მათი დაკმაყოფილება ძალიან ავნებს ადამიანის სულს, განაშორებს ღმერთს, განაშორებს მადლს და ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღწევს ვერაფერს სულიერს და ვერც ინარჩუნებს. ის ვერასდროს მოშორდება მიწიურს და სულიერი, ზეციური საგნების ჭვრეტაში ვერასდროს შევა. წმინდა მამებს მოჰყავთ მაგალითი, ასეთი ადამიანი ვერ მიწვდებაო სულიერს, ისევე როგორც დაბერებული ფრინველი ზეცაში ვეღარ აფრინდებაო. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თავისთავად, სიწმინდეების ფლობა, რითიც უმდიდრესია საქართველო, არ გვაცხოვნებს ჩვენ მექანიკურად, არამედ სიწმინდეებს ჩვენ უნდა მივეახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, მცნებების დაცვით, აი, მაშინ მოგვეცემა ჩვენ ის მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში და შეგვეწევა სულის გადარჩენის საქმეში.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, ამ ეპარქიის სამღვდელოებას, ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის. ძვირფასო მეუფე, თქვენ გარდა იმისა, რომ ძალიან ღირსეულად უძღვებით საგარეო ურთიერთობების განყოფილებას საქართველოს საპატრიარქოში, შესანიშნავია თქვენი ღვაწლი და საქმიანობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ამას ადასტურებს ეს დიდებული საკათედრო ტაძარი. ასევე, მინდა, აღვნიშნო, ძვირფასო მეუფევ, რომ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის შედეგად, ვლაქერნობა გახდა არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, არამედ სრულიად საქართველოსთვის სახალხო დღესასწაული,  მადლობა ამისთვის", - განაცხადა შიო მესამემ.

ამავდროულად, შიო მესამემ აღნიშნა, რომ სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, კულტურამ მოამზადა საპატრიარქო მსახურებისთვის.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, რომ ვიმყოფები ზუგდიდში, სამეგრელოს გულში,  სამეგრელოსადმი გამოვხატო ჩემი დიდი სიყვარული, მადლიერება.  თქვენ იცით, რომ მე 23 წელი ვმსახურობდი სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში მღვდელმთავრად, და შეიძლება ითქვას, კიდევ ვმსახურობ, რადგან ჯერჯერობით წმინდა სინოდი მაძლევს უფლებას, შევითავსო ეს შესანიშნავი ეპარქია. არ ვიცი, როდემდე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მაგრამ სანამ მე ვარ ცოცხალი, სანამ ვმსახურობ ეკლესიაში, სამეგრელოს სიყვარული ყოველთვის ჩემთან იქნება, რადგან სამეგრელომ მომცა ძალიან ბევრი რამ, და შეიძლება ითქვას, სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, დიდმა სილამაზემ და კულტურამ მომამზადა ჩემი საპატრიარქო მსახურებისთვის.

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ", - განაცხადა შიო მესამემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ