07.07.2026 17:09
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაში.
ღონისძიება საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ოლივიე კურტოს, პატრონაჟით გაიმართა.
თეიმურაზ დოჭვირმა და საფრანგეთის ელჩმა ერთობლივად გადასცეს სერტიფიკატები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა წარმატებულ მკვლევრებს გამარჯვება მიულოცა და ნაყოფიერი კვლევითი საქმიანობა უსურვა. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მისივე თქმით, მიღებული გამოცდილება მომავალში ქვეყნის სამეცნიერო განვითარების საქმეს მოხმარდება.
თეიმურაზ დოჭვირმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები კვლევით სტაჟირებას საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში გაივლიან. პროგრამა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდება.
საფრანგეთის ელჩმა სერტიფიკატები ასევე გადასცა საფრანგეთის მთავრობის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს, მათ შორის Women in Science („ქალები მეცნიერებაში") და France Excellence Major პროგრამების ლაურეატებს.


ავტორ(ებ)ი :