კვირა, 8 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა 07.11.2026 20:05

 

სოფელ ლამბალოში, 5 ნოემბერს, ორი ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბრალდებულმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების გამოყენებით რამდენჯერმე ესროლა ძმებს, რომელთაგან ორი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე ძმას ნასროლი ტყვიები ასცდა. იარაღიდან სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით და 109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236 -ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ