05.09.2026 15:29
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა გახდა. საგამოძიებო სამსახურში დამატებით დეტალებზე, მათ შორის, გამოვლენილი ან დაკითხული არიან თუ არა პლატფორმის ორგანიზატორები, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის, მომხმარებლების მიერ თანხების გატანის პრობლემებთან დაკავშირებით.
TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი მონაწილეების მოზიდვაც იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს არაერთხელ აფრთხილებდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული საეჭვო საინვესტიციო შეთავაზებებისა და სავარაუდო ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, — აცხადებდა ეროვნული ბანკი.
26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა.
2025 წელს ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნულმა კომისიამ (CNMV) TSQ Investment Group-ის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, კომპანია ესპანეთში შესაბამისი საინვესტიციო მომსახურებების გასაწევად უფლებამოსილი არ იყო.
ამასთან, პოლონეთში TSQ Investment Group-სა და Hellobit-თან დაკავშირებული საქმიანობის გამო სისხლის სამართლის გამოძიებაც მიმდინარეობდა. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ორგანიზებული ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაზე იყო საუბარი.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქმეზე დამატებითი დეტალები და შესაძლო სამართალდარღვევის კონკრეტული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს.
ავტორ(ებ)ი :