29.07.2026 13:58
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქალაქ თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
„დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების დადგენის, გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :