ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის 59 ნარკორეალიზატორი 15.07.2026 11:31

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

"პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

ასევე, დაკავებული არიან ის პირები,  რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი", „ალფა-პვპ", „კოკაინი", „კეტამინი", „ბუპრენორფინი", „მარიხუანა" და მცენარე „კანაფი" და სხვა.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ საპოლიციო დანაყოფები მომავალშიც კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ,"- განაცხადა დავით კიკნაძემ. 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ