ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ნიკა გვარამია – მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არ ვამაყობ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, "იმედში" განვითარებული პროცესებით 29.10.2026 16:00

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითიც არ ვამაყობ, - ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

 

ნიკა გვარამიას თქმით, ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას ცხოვრება ყველას ყოველთვის არ აძლევს და მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესებში მონაწილეობა.

 

„ვამაყობ ჩემი საჯარო სამსახურში ყოფნით. უკვე გითხარით, რომ მოსარჩელემ ჩემი ერთიანი ორგანიზმობის თუ ძალადობრივი სისტემის დასასაბუთებლად მოიყვანა ჩემი სიტყვები, რომელსაც ვადასტურებ და ვადასტურებ სიამაყესაც. მტკიცებულება არ არის მოსაპოვებელი. დიახ, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითიც არ ვამაყობ. ალბათ ყველას, ვისაც უმუშავია, ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება.

 

დიახ, მე ვამაყობ 2005 წლის 10 მარტის დადგენილებისთვის ხმის მიცემით, რომლითაც რუსეთის ბაზები გავიყვანეთ საქართველოდან. დიახ, მე ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ე.წ. რუსეთიდან დეპორატაციის კომისიის თავმჯდომარე, სადაც გაუქმებულ იქნა 1000 რუსისგან შევიწროებული და არა მხოლოდ შევიწროებული, არამედ არაადამიანურად მოპყრობილი ქართველის ჩვენება, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო სარჩელს. მე ამ სარჩელს უკვე იუსტიციის სამინისტროში დავხვდი, როგორც იუსტიციის მინისტრი და ჩვენ დავიწყეთ სამართალწარმოება სტრასბურგში. პრაქტიკულად, ამ გაუქმებული ჩვენებების საფუძველზე, სწორედ საპარლამენტო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობით გააუქმა ეს ჩვენებები. ჩვენ მოვიგეთ საქმე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოთაშორისი მიმართვა სტრასბურგში და ეს საქმე დასრულდა წარმატებით. რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ და მგონია, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული საქმეა. ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ აძლევს. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ისტორიული პროცესი, მასში მონაწილეობა, პირადად ჩემთვის, დიახ, არის პატივი. მათ შორის ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობაც.

 

ნამდვილად ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე და შეიძლება, ერთ-ერთი განმსაზღვრელი, საქართველოში რუსული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთაში, რომელსაც აწყობდა ბადრი პატარკაციშვილი. ნამდვილად ვამაყობ ამით, მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო. მაგალითად, კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, არ ვამაყობ, პირდაპირ ვამბობ. ასევე, იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ტელეკომპანია „იმედში". ამით არ ვამაყობ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილება, სხვა ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. ჯერ ერთი, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, მაგრამ ალბათ შემეძლო მეტი გამეკეთებინა, რათა ეს არ მომხდარიყო. არ ვამაყობ, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით ვამაყობ, კი. თუმცა, ზოგადად ამ ქეისმა დამარწმუნა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებული ყოველთვის სწორი და განსახორციელებელი არ არის. მაგალითად, ფარულ ჩანაწერებზე გითხარით, უფრო სწორად მოსმენებზე, სასამართლოთი მოპოვებულ წყაროებზე.

 

როგორც განათლების მინისტრი, დიახ, ვამაყობ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებით, რომელიც ჩემს დროს შეიქმნა. როცა ვამბობ, რომ ვამაყობ ჩემი კონკრეტული თანამდებობრივი მიღწევებით, ვგულისხმობ მთელ მაშინდელ ხელისუფლებას, მთავრობის და პრეზიდენტის ჩათ​ვლით, რადგან არ ხდება ეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, ვინც არ უნდა იყოს ეს ერთი ადამიანი. ვამაყობ მოსწავლეების ოლიმპიადებით, რომელიც ასევე ჩემს დროს ჩამოყალიბდა და ძალიან კარგი შედეგები მოიტანა. ვამაყობ, რომ ჩემი განათლების მინისტრობის დროს ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობდა. მთავარი ჩემი საამაყო, შეიძლება, არა მხოლოდ განათლების მინისტრობის, არამედ ზოგადად ცხოვრების, არის უნივერსიტეტებში ჩემს დროს შემოღებული ქართული ენის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის. პირადად ჩემი კონსტრუქციით მოფიქრებული და პრეზიდენტის დავალებით. ამ პროგრამაგავლილი ადამიანი რომ ჩემი ჟურნალისტი გახდა „რუსთავი 2"-ში, იმდენად კარგი ქართული ჰქონდა, შეეძლო, პირდაპირ ჩართვაზე დამდგარიყო ქართულად და კი, ეს სიამაყე გამიათმაგდა, ბედნიერებაც. მგონია, ძალიან მნიშვნელოვანი საქვეყნო საქმეა.

 

ვამაყობ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული მოსწავლეებით და სტუდენტებით. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, მე ვიყავი ამ კომისიის თანათავმჯდომარე. უამრავი მოსწავლე წავიდა საზღვარგარეთ. უცხოეთში სასწავლებლად ვუშვებდით ბავშვებს და არა ქოლცენტრებში სამუშაოდ. ამ ხელისუფლებამ ეს პროგრამა, სხვათა შორის, გააუქმა.

 

არ ვამაყობ იმით, რომ ვერ შევძელი მთავრობის დარწმუნება, რომ  განათლების ბიუჯეტი, სულ მცირე, უნდა გაორმაგებულიყო. ეს ვერ შევძელი და ჩავთვალე თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ წინაპირობად. არა პროტესტის ნიშნად, უბრალოდ იმის გამო, რომ ვერ მივაღწიე იმ მიზანს, რომელიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო.

 

ვამაყობ იმითაც, რომ განათლების მინისტრობის თანამდებობიდან იმიტომ წავედი, რომ ჩემს სამ შვილს ჩემი მინისტრობის ხელფასი არ ჰყოფნიდა. ნამდვილად ვამაყობ, რადგან ალბათ დღევანდელ მთავრობაში ძალიან ბევრს, ყველას თუ არა, გაეცინება. ხელისუფლებაში დღეს ძირითადად იმიტომ მოდიან, რომ შვილებს ხელფასი ეყოთ კი არა, ოჯახის წევრის სახელზე თითო სახლი გააფორმონ. ვამაყობ იმით, რომ ომის დროს საქართველოდან ფეხი არ გამიდგამს. არც მე და არც არავის მთავრობიდან. სამარცხვინო ტყუილებს, რომელსაც ვკითხულობთ - ეს რომ ტყუილია, იმით ვამაყობ. იმ მთავრობის წევრი რომ ვიყავი, რომელიც სრული სერიოზულობით მსჯელობდა რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ დაპირისპირებაზე გადასვლაზე, ამით ვამაყობ. სერიოზულად ვამბობ ამას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ