19.10.2026 17:21
ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით.
„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით" წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყნებში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობას მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.