07.10.2026 21:14
70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები".
რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიანე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.
პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ".
პროექტის ავტორები „ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს".
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან;
იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ძლიერი საქართველო - „ლელოს" აკრძალვის მოთხოვნით;
იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით სარჩელს დაემატნენ „ფედერალისტები" და 2026 წლის სექტემბერში „საქართველოსთვის" - პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური პარტია - სიაში შევიდა, ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია გამოირიცხა;
იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესები „ქართული ოცნების" უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით, რუსეთისა და ბელარუსის მოდელის მსგავსად, რაც ემსახურება კრემლის მიზანს, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დატოვოს;
იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეები დაინიშნენ, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით;
იმის გათვალისწინებით, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნოიმანის ფონდები იძულებული გახდნენ, 2026 წლის სექტემბერში დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მათი პროექტების დაფინანსებაზე „გრანტების შესახებ" კანონის შესაბამისად;
იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ მრავალი ჟურნალისტი დააპატიმრეს".
პროექტის თანახმად, რეზოლუციის ავტორები „გმობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას. ხაზს უსვამენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია;
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არღვევს რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ „ბოიკოტირებული" პარტიები იყო მიზანში ამოღებული;
ამასთან, რეზოლუციის პროექტის ავტორები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ". ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გააუქმოს დებულებები, რომლებიც აკრძალულ პარტიებსა და პირებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს; გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების „ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის დაბრკოლებების დასრულებისკენ".
რეზოლუციის პროექტის ავტორები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ".
პროექტის მიხედვით, რეზოლუციის პროექტის ავტორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, „დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ".
რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია: „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ, ასევე, იხსენებს თავის არაერთხელ გაკეთებულ გაფრთხილებებს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს; ამასთან, ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას".