06.10.2026 19:51
თბილისის ქუჩებში მოძალადეები როცა ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, მაშინ სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალადობას როცა ახალისებ სხვა ქვეყანაში, ამით პრეცედენტს უშვებ, რომ პოლიტიკური ძალადობა მისაღებია და ამას საკუთარ ქვეყანაში მიიღებ.
„თბილისის ქუჩებში მოძალადეები როდესაც ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ და პოლიციელებს აზიანებდნენ, იცით, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ათეული პოლიციელის სტაციონარში გადაყვანა და ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, მაშინ სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ის, ვინც დუმს ან მოძალადეებს მხარს უჭერს, საბოლოო ჯამში, ძალადობას საკუთარ ქვეყანაში მიიღებს. ეს ასეც ხდება, რადგან როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ, უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, ამით პრეცედენტს უშვებ, რომ პოლიტიკური ძალადობა მისაღებია. ამ პრეცედენტის შედეგი ისაა, რომ, საბოლოო ჯამში, ამას საკუთარ ქვეყანაში მიიღებ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, საინტერესო იქნება, რომ თუნდაც საფრანგეთის ელჩმა რაღაც პერიოდის შემდეგ განაცხადოს, რამდენი პოლიციელი იქნება დასჯილი პარიზში ქუჩებში ძალადობის გამო და რა სახის სასჯელები იქნება გამოყენებული.
„დღეს ვხედავთ, რომ პარიზის ქუჩები რაღაც საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული. პოლიციის ბრუტალურ დამოკიდებულებას ვხედავთ აქციის მონაწილეების მიმართ. რა თქმა უნდა, პროტესტის მოძალადე მონაწილეებს ვხედავთ, მაგრამ მშვიდობიან მონაწილეებსაც ვხედავთ. ვხედავთ, როგორ ძალადობს პოლიცია - ხელკეტებით როგორც სცემენ აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიციის მხრიდან ხელკეტები საერთოდ არ გამოიყენება. პირდაპირ ხელკეტებით სცემენ და მიწაზე ათრევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ქალებს. იმედი გვაქვს, რომ საჯარო იქნება ის რიცხვები, რაც პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიებას ეხება. 5 000 ადამიანი დააპატიმრეს - ძალადობა პირდაპირ ეთერში ჩანდა. ამიტომ საინტერესო იქნება, რომ თუნდაც საფრანგეთის ელჩისგან რაღაც პერიოდის შემდეგ მოვისმინოთ, რა არის შედეგები, რამდენი პოლიციელი იქნება დასჯილი ამ ძალადობის გამო, რა სახის სასჯელები იქნება გამოყენებული იმ ძალადობის გამო, რაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.