სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებს 06.10.2026 19:38

4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა, არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტებს შეკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისადმი მიმართვას.

 

„შეაგულიანეს, თვეების განმავლობაში აწარმოეს კამპანია, წარმოაჩენდნენ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ვითომ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და მასთან დადიოდნენ დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის დროშის ფონზე პოზირებდნენ მასთან ერთად. ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ შეაგულიანეს რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლეზე შტურმზე. ამის შემდეგ მიატოვეს ეს ადამიანები ციხეში და იხდიან სასჯელს. ის რადიკალები, რომლებიც გაიქცნენ მაშინ ადგილიდან, დღეს მშვიდად არიან გარეთ და წყნარად, როდესაც სხვები მათი უნამუსობის პატიმრები არიან დღეს, მათ შორის ის ორგანიზატორებიც. როდესაც ზოდელავაზე და სხვებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს შემდგომ და ინანიებენ ახლა და ბოდიშს იხდიან თავიანთი დანაშაულის გამო, მათი უნამუსობით არიან ის ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და გამოვლენ, მგონი, ამით გზას გაუხსნიან პატიმრებს, რომლებიც დღემდე მათი უნამუსობით არიან ციხეში. ამ ადამიანებს ერთ რამეს ვეტყვი, აღარავინ არსად დედამიწის ზურგზე არ სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერი იყო თუ არა მშვიდობიანი თუ ძალადობრივი აქცია. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ძალადობა და შტურმი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩადენილი იყო დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. ახლა ზოგიერთს რომ უნერგავენ იმედს, თითქოს მათი დახსნით არიან დაკავებული სხვადასხვა უცხო ძალა და ჯგუფი, ამ ტყუილს ნუღარ დაიჯერებენ, ეთანამშრომლონ ისევ საკუთარ ქვეყანას. მათ გვერდში, საბოლოო ჯამში, ისევ მათივე ქვეყანა დადგება და არა რომელიმე დიპლომატი ან უცხოელი პოლიტიკოსი. ყველას მოვუწოდებ, აღიარონ, ის რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე აღარ ჩაიდენენ და საქართველოს სახელმწიფო იქნება ლმობიერი მათ მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება კითხვას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის შესახებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში საქართველოს წინააღმდეგ".

 

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც სჭირდებათ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს.

 

„ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც 4 ოქტომბერს გამოიყენეს იარაღად და ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დამხობას, გახსოვთ თქვენ ბრიუსელიდან პირდაპირი წაქეზებები, მათ შორის დამხობის პროცესში რა ტვიტებს წერდნენ ბრიუსელიდან პოლიტიკოსები და აქეზებდნენ მათ დანაშაულზე. ერთადერთი, ვისაც სჭირდებათ მათი ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს. ისინი დღეს არიან იარაღი უცხო სახელმწიფოების, მთავრობების თუ ჯგუფების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უნდა გააცნობიერონ და საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ რომელიმე რასა იუკნევიჩიენეს და მსგავს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ