სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ჭეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება - არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება 22.09.2026 11:38

 


ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება - არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება - ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებებით „პოლიტიკურ ქულებს იწერს".

„სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვენ გვამსგავსებს „ნაციონალურ მოძრაობას". ის ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ არ ვგავდით „ნაციონალურ მოძრაობას" და დღეს ვგავართ?! ეს არასწორი შეფასება და არასწორი მიდგომაა. ზოგადად, ეს სპეკულაციები უნდა დაასრულოს. ყოველ კვირას ერთი და იგივე შინაარსის წერილებს აქვეყნებს. გავიგეთ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, სად არის და რა განცხადებებს აკეთებს. ჩვენგან ღალატი მის მიმართ არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე აღიარა ის ბრალი, რაც პროკურატურამ წარუდგინა.

არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება. რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი. გადადგომის შემდეგ რომ ეგ განცხადება გაკეთებინა კიდევ შეიძლებოდა სარწმუნო ყოფილიყო, მაგრამ არ ფიქრობდა ასე, იმიტომ რომ ასე არ იყო. ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!," -განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.

ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: "თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ".

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" "სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით" სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასაცინი გახადა ქვეყანა შიგნით და გარეთ, რითაც საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

"ჩემი დაჭერის მიზანი იყო რეპუტაციის დაზიანება და ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება - უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ - ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით," - წერს ღარიბაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ