19.09.2026 20:55
„ნამდვილად რთული ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ასეთ ვითარებაში ლავირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისთვის, რათა თავისი ინტერესები გაატაროს", - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში ისაუბრებდა ამოცანებზე და შემდგომ საფრთხეებზე, გამოწვევებზე, თუ რის წინაშე შესაძლოა იდგეს ქვეყანა, განსაკუთრებით, თუნდაც სუვერენიტეტთან მიმართებით.
„ამოცანები - ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ყველა ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება და მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება.
ჩვენს შემთხვევაში ეს პრაქტიკაში გამოიხატებოდა, პირველ რიგში ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც სათანადოდ არის ჩამოყალიბებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებში.
პირველ რიგში, ყველაზე მთავარ დოკუმენტში, მათ შორის, ყველაზე მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტშიც - საქართველოს კონსტიტუციაში. როდესაც ვსაუბრობთ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, აქ ცალ-ცალკე ვისაუბრებდი ალბათ ამ ორზე, საფრთხეზეც და გამოწვევებზეც.
სამწუხაროდ, ეს ყველასთვის ცნობილია, მთავარი საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების მიმართ რაც არის, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სამწუხაროდ, ეს განხორციელებული საფრთხეა და აქედან მომდინარე ის საფრთხეები, რაც ემუქრება მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.
გამოწვევებზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ ვისაუბრებდი სხვადასხვა ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით, რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა იდგეს თუნდაც იგივე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაში, არის თუ არა გამოწვევები და თუ არის, როგორ შესაძლოა იყოს ასეთი გამოწვევები. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენ როდესაც ვადარებთ საფრთხეებს და გამოწვევებს, ორ სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ. პირველ შემთხვევაში, ვსაუბრობთ მკვეთრად ნეგატიურ პროცესზე, როდესაც საქმე გვაქვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასთან და მეორე შემთხვევაში საუბარი გვაქვს პოზიტიურ პროცესზე, რომელსაც შესაძლოა ახლდეს გარკვეული ფასები", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ავტორ(ებ)ი :