16.09.2026 23:07
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, ბორაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ, ოპოზიციაც კი არ იყო კრიტიკული. პარლამენტის თავმჯდომარემ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კანდიდატებმა თანამდებობა თავიანთი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.
„თამაზ ბორაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 წელია არის უსაფრთხოების სისტემაში. პირველი თანამდებობიდან დღეს უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს. ის წლების განმავლობაში კონტრდაზვერვის მიმართულებით მუშაობდა, ასე რომ ის არის ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების სისტემის შიგნიდან, როგორც პროფესიონალი, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის მდგრადობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებს, მათ პირადი განცხადებით დატოვეს ეს თანამდებობა. საკუთარი განცხადების მოტივაციაზე ისაუბრეს, ასე რომ შინაარსში აღარ შევიდოდი. პირადი გადაწყვეტილებაა, მიზეზები ბევრი შესაძლოა იყოს, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
პარლამენტის ვალდებულებაა, როდესაც ასეთი ვაკანსიაა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიმართულებით, რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს და შეივსოს ეს ვაკანსია.
მთავრობასთან ერთად დღეს ავირჩიეთ თამაზ ბორაშვილი. ნახეთ გამოხმაურება, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის, მაინცდამაინც კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონიათ თამაზ ბორაშვილთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :