12.09.2026 18:32
აცხადებენ, თითქოს ჩემმა განცხადებამ შელახა სამხედროების პატრიოტული სულისკვეთება, პირიქით ჩვენი სამხედროების სულისკვეთება მაშინ ილახება, როცა დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ სამშობლოს დააბრალა ომის დაწყება, ნაცვლად ოკუპანტი რუსეთისა!,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ბარამიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა განაცხადა.
მისი თქმით, მან ინტერვიუს დროს არა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებსაც ოჯახები ამოუხოცეს, დედა, მამა, შვილი მოუკლეს.
,,პირველ ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნო, რომ ეს პროცესი იმითაა განპირობებული, რომ საქართველო ხელში ჩაგდებული აქვს რუს ოლიგარქს.
მე, როდესაც აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ის რუსეთთან ერთად მილიონებს აკეთებდა. ამ ადამიანის შურისძიება არის როგორც საქართველოს, ისე ჩემ მიმართ, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ეზიზღება ისეთი ადამიანები, რომლებიც მაშინაც იბრძოდნენ და დღესაც იმავე რუსეთის წინააღმდეგ არიან, რადგან მას ხელი ეშლება იმ დავალების შესრულებაში, რომელიც მიღებული აქვს პუტინისგან.
როდესაც ადამიანები ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვას აბრალებენ, ფარცხალაძე-ივანოვის სახელობის პროკურატურას არ უჩნდება არანაირი სურვილი რეაგირებისა, რომ შეამოწმოს, აზიანებს თუ არა ეს საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს და რეპუტაციას. ამ პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ასრულებენ სწორედ რუსი ოლიგარქის დავალებას. ამ პროკურატურას ერთხელაც არ მოსდომებია, რომ რაღაცა გაერკვია, როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი რეალობის ბატონ-პატრონი, რუსი დიქტატორი ლაპარაკობენ, რომ „საქართველომ დაიწყო ომიო". ამას ლაპარაკობს დღევანდელი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრიც, „საქართველომ დაიწყო ომი, უმაღლესმა მთავარსარდალმა დაიწყო ომი 2008 წელსო".
ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრის წინაშე? იმათთან, ვინც სოხუმში, გაგრაში ჩვენი კაცები დახოცეს და თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ? ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი იმ რუსების მიმართ რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჟლეტდა?! მათ წინაშე გვქონია ბოდიში მოსახდელი, ანუ მათ წინაშე გვქონია დანაშაული ჩადენილი? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ ჩვენ სამშობლოს ვიცავდით? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ ვიბრძოდით? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ რუსეთის აგრესიას ვიგერიებდით?
ვისაუბრე არა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც ოჯახები ამოუხოცეს, დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მათ იარაღი აიღეს ხელში სამშობლოს დასაცავად.
იქით, რუსული მხარე, რუსული ჯარი იყო და რუსული ჯარის მიერ გაწვრთნილი მხარე იყო, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური კუთვნილების წარმომადგენლები იყვნენ აფხაზები, ჩეჩნები თუ სხვა.
ესროდნენ, კლავდნენ, ხვრეტდნენ, ცხრილავდნენ, ეს სინონიმებია, ხომ? კი, ბატონო, ვიზიარებ, რომ ეს სიტყვა „ხვრეტდნენ", რა თქმა უნდა, იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა. უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი.
თუ ტყვე არ გყავდა, ვერც ვერავის მიაყენებდი ზიანს, ხომ? შესაბამისად, ვერც ვერავის დახვრეტდი ამ გაგებით.
რომელ ჩემს ნათქვამშია სიტყვა „ადგილზე ხვრეტდნენ?" არ გვყავდა ტყვეები იმიტომ, რომ იბრძოდნენ და ესროდნენ, კლავდნენ, ხვრეტდნენ, ცხრილავდნენ და ეს, თუკი ვინმემ ვინც განსაკუთრებით ვერ გაიგო ვისაც არ ჰქონდა ნანახი ინტერვიუ, ან რუსეთის მართულმა პროპაგანდამ მიაწოდა ერთი ნაწილი ჩემი ამ ინტერვიუსი, სადაც ეს სიტყვა არის მარტო გამოყენებული, ბუნებრივია, ადამიანები აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ. მე განვმარტე და ამიტომ გავაკეთე განმარტება, არა, ბატონო, ეს არ მიგულისხმია-მეთქი, ხომ გასაგებია? მეც მესმის, რომ ეს პრობლემური იქნებოდა ნებისმიერი მხარისთვის და მით უმეტეს, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანისთვის.
ტყვეების გაცვლის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და როდესაც არსებითი განხილვა იქნება, მოვიყვან იმ ადამიანებს და ვნახოთ როგორ იტყვიან, რომ არ ვიყავი იმ კომისიის თავმჯდომარე? მე მიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ მე თურმე სამშობლოს მოღალატე არა ვარ.
თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა და მაინც წამოეგო ამ რუსულ პროპაგანდას; ვისაც არ უნახავს ჩემი ინტერვიუ და ამან ემოციები გამოიწვია მასში.
და ვთქვი, რომ აი, ეს სიტყვა, ერთი სიტყვა, რომელიც დაიჭირეს და გამოიყენეს იმისთვის, რომ მთელი ჩემი აზრი, რაც მე ვთქვი, ამოეტრიალებინათ და ყირაზე დაეყენებინათ!
მთელი ეს საქმე არის შეკერილი აი, ამის საფუძველზე, რომ თურმე მე დავადანაშაულე ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი.
ტყვეები რომ არა გვყოლოდა, როგორ გავცვლიდით?! 200-მდე ტყვე გვყავს გაცვლილი. კი, ისინი უფრო მეტს გვაძლევდნენ, ჩვენ შედარებით ნაკლებს, მაგრამ გვყავდა ტყვეები.
შევეცდები, რომ ბევრი ადამიანი მოვიყვანო, მათ შორის, ჩემ მიერ ტყვეობიდან გამოყვანილი ადამიანი",- განაცხადა გია ბარამიძემ.
ავტორ(ებ)ი :