12.09.2026 16:54
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე პატრონებს სურთ, აჩვენონ, თითქოს „ლელო" და პარტია „გახარია-საქართველოსთვის" დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებენ.
ამასთან, მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება ბუნებრივი პროცესია, რადგან მათ დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდათ და ახლა თავის წარმოჩენას და ამ გზით გარე პატრონებისგან დაფინანსების მიღებას ცდილობენ.
„ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ერთი მხრივ, ეს ხელოვნური პროცესია და გარე პატრონებს სურთ, ამ ხმაურის მიღმა დატოვონ „ლელო" და პარტია „გახარია-საქართველოსთვის", რათა საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ, თითქოს ეს ორი პარტია დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებს. ეს, რა თქმა უნდა, გარე პატრონების მხრიდანაა დაგეგმილი. მეორე მხრივ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, ვინაიდან ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეზიზღებათ ერთმანეთი, გარე დაფინანსება საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, რაც ბატონმა ტრამპმა USAID და NED აკრძალა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენმა კანონებმა იმუშავა და აგენტურულ ოპოზიციას ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოევსო, რათა საქართველოში შავი ფული არ ტრიალებდეს. ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება. მათ სურთ, გარე პატრონებს დაუმტკიცონ, თითქოს ქართულ ოპოზიციურ ველზე ისინი ქმნიან ამინდს, შესაბამისად, გარე პატრონებისგან დაფინანსება სურთ. ვინც არის ფავორიტი, მას მეტი დაფინანსება აქვს და მეტი პრივილეგიით სარგებლობს", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ავტორ(ებ)ი :