08.09.2026 19:07
მოვუწოდებთ ბრიუსელს, ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სამართლებრივ დისკუსიებს ნუ გაექცევიან, კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა". განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას".
ლევან მახაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადრეც და ახლაც მზად არის სამართლებრივი დისკუსიებისთვის.
„ქართული საზოგადოება უკვე მერამდენედ ისმენს ბრიუსელიდან სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს ქართულ კანონმდებლობასა, თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბრიუსელიდან ვხედავთ იმ ადამიანების მიმართ გამოქომაგებას, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებებში კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებამ იხილა სახელმწიფოს ძალიან ჰუმანური დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოში კანონები მიიღება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად და, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ანუ, ევროპულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან. მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი ბრიუსელს, რომელსაც ამ პროცესებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ხმამაღალი პოლიტიკური, ცარიელი სიტყვების და განცხადებების ნაცვლად, სამართლებრივ დისკუსიებს ნუ გაექცევიან. ჩაერთონ და წარმოადგინონ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, რომ ჩვენ ადრეც და ახლაც მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიებისთვის, არა პოლიტიკური საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული სამართლებრივი დისკუსიებისთვის. თუ ექნებათ რამე სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება განხილული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, ეს არგუმენტაცია მოვისმინოთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთანაც და ევროპულ სტანდარტებთანაც. არ ვაპირებთ პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას მსგავს უსაფუძვლო განცხადებებზე. ასეთი ტიპის კანონმდებლობის შეფასებისას ყველას მოვუწოდებთ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტებისკენ", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :