08.09.2026 18:06
"უარგუმენტო კრიტიკა, ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა" - ასე აფასებს მმართველი გუნდი გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს.
მიკელე ჩერვონე დ'ურსომ ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის სახელით განაცხადა.
თბილისში სვამენ კითხვას, რატომ არის ევრობიუროკრატებისთვის საქართველოს შემთხვევაში დაუშვებელი ის, რაც სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის ნორმაა. მათივე თქმით, პარტნიორების კრიტიკა დაცლილია არგუმენტებისგან და მიღებული კანონმდებლობა ეროვნულ ინტერესებზე, გამჭვირვალობასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზეა ორიენტირებული.
ქართული მხარე მზად არის დიალოგისთვის თუ კრიტიკოსებს სამართლებრივი არგუმენტები ექნებათ.
"უკვე მერამდენედ ისმენს ქართული საზოგადოება ბრიუსელიდან სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს, ქართულ კანონმდებლობასა თუ ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ გამოქომაგებას ბრიუსელისგან იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს საპატიმრო დაწესებულებებში და უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებამ იხილა სახელმწიფოს ძალიან ჰუმანური დამოკიდებულება იმ პირების მხრიდან, რომლებმაც აღიარეს ეს დანაშაული და მოინანიეს ეს კონკრეტული დანაშაული.
რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოში კანონები მიიღება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ანუ ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტების სრულ შესაბამისობასთან.
ამიტომ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ და განსაკუთრებით ბრიუსელს, რომელსაც აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე, რომ ნაცვლად ხმამაღალი, პოლიტიკური, ცარიელი სიტყვების განცხადებებისა, ნუ გაექცევიან სამართლებრივ დისკუსიებს და ჩაერთონ და წარმოადგინონ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს აქვს არაერთხელ დაფიქსირებული, რომ ჩვენ ადრეც და ახლაც მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიებისთვის, არა პოლიტიკური საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული სამართლებრივი დისკუსიებისთვის და თუ რაიმე ექნებათ სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ეს არგუმენტაცია. თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონები არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთანაც და ევროპულ სტანდარტებთანაც,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ავტორ(ებ)ი :