საქართველო ჩვენი ისტორიული და სტრატეგიული პარტნიორია, დღეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა განვიხილეთ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას არ განვასხვავებთ თურქეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისგან - მუსტაფა ჩიფთჩი 01.09.2026 17:26

 

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება. სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

"საქართველო ჩვენი მხოლოდ მოსაზღვრე ქვეყანა არ არის. ის ჩვენი ისტორიული და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა განვიხილეთ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას არ განვასხვავებთ თურქეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისგან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ მოქმედებას ახალი ტიპის დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დიდი სიმტკიცით ვებრძვით. დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი და ჩვენი ქვეყნის მიერ ძებნილი 865 პირის ექსტრადიცია და დეპორტაცია განხორციელდა, ამიტომ მინდა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას არალეგალური მიგრაციის, კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ.

ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების მიერ გამოხატული მტკიცე ნების შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას ვწევთ ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, რათა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ