23.08.2026 14:39
"ყოფილი პროკურორის განცხადება, კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატის, რაც "ნაცმოძრაობამ" 2008 წელს ჩაიდინა", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, დავით საყვარელიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი ლიდერები საკუთარ ტყუილებში იხლართებიან.
"ჯერ ერთს ამბობენ, შემდგომ მეორეს, მერე ვეღარ გამოდიან ტყუილების ლაბირინთიდან.
ეს განცხადება ნაწილობრივ პასუხს სცემს იმ საკითხს, თუ როდის, რომელ დღეს დაიწყო რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შემოსვლა, ესე იგი, საქართველოსა და რუსეთისა ომი. ამ კითხვაზე პრაქტიკულად ყველანაირ პასუხს სცემს.
ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ", რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. თვითონვე აღიარებს, რომ ძალიან ახლოს იყო კოლაფსი, რომელსაც საქართველო გადაურჩა, თუმცა გადაურჩა ნაწილობრივ. კარგად ვიცით, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციის მიერ, ოკუპაცია დამყარდა და ამ ოკუპაციის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი.
ეს არის ტყუილები და წამოცდენები, რომლითაც საზოგადოებას მკაფიო პასუხები ეძლევა, თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად. პირველ რიგში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა განადგურების წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს დღეს უკვე ღიად აცხადებენ და აღიარებენ "ნაცმოძრაობის" ყოფილი ლიდერები. ამით პასუხს სცემენ და წერტილს უსვამენ ყველა იმ შეგნებულად გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც "ნაცმოძრაობა" ცდილობს, 2008 წლის საკუთარი დანაშაული გადაფაროს ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :