10.08.2026 17:18
„ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერი მანფრედ ვებერი ევროკავშირს მოუწოდებს, აფრიკაში მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.
ვებერის განცხადებით, სეუტის მაგალითმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა, შესაძლოა, ეფექტური იყოს.
„მაროკომ ადამიანები დაუყოვნებლივ უკან მიიღო. ვერავინ შეძლო შენგენის ზონაში გადაადგილება", - განაცხადა ვებერმა.
ვებერმა მხარი დაუჭირა მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის მიერ გასულ კვირას წარდგენილ წინადადებებს. მისი თქმით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებს დაბრუნების ცენტრების შექმნაზე თანხმობის სანაცვლოდ, შესაძლოა, შესთავაზონ უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობები.
„მიგრანტებმა, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ, ევროპა უნდა დატოვონ - ყოველგვარი „თუ"-ს, „მაგრამ"-ისა და „მერე"-ს გარეშე", - განაცხადა ვებერმა.
მისივე თქმით, მიგრანტების დაბრუნება აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე.
ვებერმა ასევე გააკრიტიკა ევროპის შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენის იდეა და აღნიშნა, რომ ეს გრძელვადიანი გამოსავალი ვერ იქნება.
„ეს, შეიძლება, გამონაკლის სიტუაციებში აუცილებელი იყოს, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აღმოფხვრის. ამიტომ ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი ევროპული დაცვა გარე საზღვრებზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვებერის განცხადებით, სეუტაში განვითარებული კრიზისი, რომლის შედეგადაც დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, ცალკეული ქვეყნების მიერ გადადგმულმა ცალმხრივმა ნაბიჯებმა გამოიწვია. მისი შეფასებით, ესპანეთის მთავრობის მიერ გაგზავნილმა „პოლიტიკურმა სიგნალებმა" მიგრაციის მარშრუტებზე „მყისიერი გავლენა" მოახდინა.
ავტორ(ებ)ი :