20.07.2026 17:13
შემიძლია, თამამად გითხრათ - რომ არა ჩვენი სწორი პოზიციონირება, ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ხელისუფლების და „ხალხის ძალის" პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღევანდელი ურთიერთობის დასაწყისი არ იქნებოდა, რადგან დაინახავდნენ, რომ არ გაქვს ღირსება და რასაც გეუბნებიან ყველაფერს აკეთებ - სუვერენიტეტს ჩააბარებ, ომს დაიწყებ და ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას განავითარებ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა.
მისივე თქმით, მზად არიან, აშშ-თან ურთიერთობები ეტაპობრივად გაგრძელდეს.
„ის ფაქტი, რომ ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია ცდილობს და ჩვენც, რა თქმა უნდა, მზაობა გვაქვს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს, დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ როგორ დავიცავდით ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი, რომ გვინდა, ამას ყველას ვეუბნებით. იყო ბაიდენის, წინა ადმინისტრაციაში პრობლემა, რომ სუვერენულ ქვეყნად არ აღგვიქვამდნენ. ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ ურთიერთობები გაგრძელდეს და თან ეტაპობრივად.
ჩვენ არც დროშებს ვაფრიალებთ და არც ფანტაზიებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით დიდ ქვეყანას ბუნებრივად თავისი ინტერესი აქვს. ჩვენც ჩვენი ინტერესი გვაქვს და როგორც კი ეს ინტერესები პოზიტიურად გადაიკვეთება, ის შედეგი იქნება, რაც დღეს ამერიკას და საქართველოს შორის ხდება.
ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ისეთი ჩანდა, რომ პოლიტიკა და ინტერესები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდებოდა. ვნახეთ, რომ თავად რუბიომაც განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში ბაიდენის ადმინისტრაციისგან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ეს დრო აუცილებლად მოვა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, რასაც საზოგადოება ხედავს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
როგორც ტრამპის წერილშია აღნიშნული: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ".
ავტორ(ებ)ი :