09.07.2026 17:31
სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სამმართველომ ეფექტურად იმოქმედოს და სიძულვილის ენის წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.
„სტრასბურგის სასამართლო მის მიერვე დადგენილ პრაქტიკას მიჰყვება. მაგალითად, ბოლოს მიღებული იყო საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე, რომელიც სწორედ შეურაცხყოფას ეხებოდა და მე-10 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ზუსტად იგივეა სლოვენიის შემთხვევაც, სლოვენიაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ პირის მიმართ, რომელიც ინტერნეტის საშუალებით კონკრეტულ პიროვნებებს შეურაცხყოფას განგრძობითად აყენებდა. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-10 მუხლი, ანუ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად. აქ აუცილებელია სასამართლოს დასაბუთება, ყურადღება ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს, შეურაცხყოფის ხარისხს და ასე შემდეგ. ქართული კანონმდებლობა გარკვეულ შემთხვევაში, გულისხმობს შეურაცხყოფის დასჯადობას ადმინისტრაციული, ზოგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის წესით. ასეთია მოსამართლის შეურაცხყოფა დარბაზში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. ეს სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. სამმართველომ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია შექმნილი, მნიშვნელოვანია, ეფექტურად იმოქმედოს და იბრძოლოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არა აზრის დაფიქსირება, არამედ უწყებების, კონკრეტული პირების შეურაცხყოფა.
ეს ყველაფერი გარედანაც წახალისებულია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ევროპული კონვენციით ერთმანეთისგან გამიჯნულია, რა არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ასევე სხვათა უფლებები. მკაფიო წითელი ხაზია გავლებული. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს, რა ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად და მის ლეგიტიმურ, კანონიერ შეზღუდვად მაშინ, როცა საქმე ეხება სხვათა უფლებების დაცვას. ამ მიდგომას სტრასბურგის სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებენ, ასეთი დადგენილი პრაქტიკაა ქართული სასამართლოების მიერ. სიძულვილის ენის მხარეს ვინც დადგა, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა", სამართალთან კიდევ ერთხელ დამარცხდა. სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :