09.07.2026 12:44
ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის" მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
„ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. 230-ზე მეტი დეპუტატიდან გადაწყვეტილებას 38-39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში შესწორების ის რედაქცია შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ დაშორებულია სტანდარტებისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს. ამაში არ ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული ანალიზი და იმ ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნებულია, ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც ამან განაპირობა, როცა ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. ეს დაძაბულობა არსებობს, დამოკიდებულებები საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.
ავტორ(ებ)ი :