07.07.2026 13:07
„ქართულ ოცნებას" ანაკლიის პორტის მშენებლობის უნარი არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში სამჯერ შეიცვალეს სტრატეგიული მიმართულება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და აუცილებლად უნდა აშენდეს.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო „ქართული ოცნების" მორიგი ჩავარდნა და ეს მათი ჩავარდნა გადაატარეს ეკონომიკის მინისტრის კისერზე. არცერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, არ გამოსულა და ამ პროექტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული ობიექტია და აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პროექტის მშენებლობა, თუმცა „ქართულ ოცნებას" ამის უნარი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში სამჯერ შეიცვალეს სტრატეგიული მიმართულება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მათ არ აქვთ უნარი და შესაძლებლობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი სტრატეგიული გეგმარებით განახორციელონ", - აღნიშნა ფარულავამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის" მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.
ავტორ(ებ)ი :