06.07.2026 18:23
მსურს, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს - [პროექტი] ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მახაშვილის განცხადებით, რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება, ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა.
„მსურს, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.
დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს. რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.
ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით.
ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე „სრულიად შემთხვევით" ბატონ ჯო ვილსონთანაც არის დაკავშირებული.
ბატონო თავმჯდომარე, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :