06.07.2026 17:29
ეკლესიას ლგბტ საკითხზე თუ ექნებოდა რბილი ან ნეიტრალური პოზიცია და არ დაიცავდა იმ პრინციპს, რასაც ისტორიის განმავლობაში იცავდა - რამაც ჩვენი ქვეყანა მძიმე ქარტეხილებს გადაარჩინა - ეგონათ, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაც უფრო დამყოლი იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ამ თემას მხოლოდ ტრადიციების საწინააღმდეგოდ არ ვიხილავთ, არამედ ლგბტ პროპაგანდას განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ თემად, რათა დესტაბილიზაციისა და შეჯახების ახალი პლატფორმები შეიქმნას.
„საქართველოს ამას უპირებენ. ეკლესიის ჩაყოლიება ამ სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში, რასაკვირველია, უზნეობაა და პასუხიც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა 2023 წელს ამ საკითხით არ გამოვიდნენ და საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკი არ დაიწყეს. ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ არ შეცვლილა და არც შეიცვლება, მაგრამ მიხეილ როთის ჩამოსვლამ და ეკლესიის ლანძღვამ, შეიძლება, პრობლემა შეგვიქმნას, საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება შექმნას, რაც არც ჩვენთვის და არც ეკლესიისთვის მისაღები არ უნდა იყოს.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სპეციალურად აკეთებენ ისეთ რამეს, რომ ჩვენსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის წითელი ხაზები გაჩნდეს. ეკლესია ყოველთვის სწორ პოზიციაზე იდგა. ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირი სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალია, რადგან ერიც და ბერიც ერთ აზრზეა - ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა". ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს? მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო".
ავტორ(ებ)ი :