06.07.2026 15:07
ანაკლია არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთმა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიული შანსი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციოს. „ქართულ ოცნებას" ანაკლიაზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს. ათ წელზე მეტია, ერთსა და იმავე სპექტაკლს ვუყურებთ - იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები, იცვლება პროექტის სახელები, მოდელები, დაპირებები. ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის შედეგი: ანაკლიის პორტი ისევ არ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო ნდობა და არ შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანა.
„2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო BOT-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით გაფორმდა ხელშეკრულება და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ საქართველო მიიღებდა საუკუნის პროექტს. 2020-ში პირველი გემი შემოვიდოდა და ინვესტორების ფულით აშენებული პორტი ქვეყანას დარჩებოდა - რაც საუკეთესო მოდელი იყო. შემდეგ იმავე ხელისუფლებამ ეს პროექტი საკუთარი ხელით ჩაშალა. 2022 წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი ეკონომიკური გუნდი გვეუბნებოდა, თურმე გამოსავალი სახელმწიფოს 51%-იანი მონაწილეობა და ახალი პარტნიორის მოძიება იყო. 2023 წელს იმავე ხელისუფლებამ უკვე PPP მოდელი წარმოგვიდგინა, დაიწყო ახალი საერთაშორისო პარტნიორის ძებნა და გვიმტკიცებდა, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო გზა. დღეს კი ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, თურმე გამოსავალი კიდევ ერთი - Landlord-ის მოდელია. ერთი ხელისუფლება, ოთხი განსხვავებული მოდელი და ერთი შედეგი: გაჩერებული ანაკლია. ყოველი ახალი მოდელი თუ საუკეთესო იყო, მაშინ ჩნდება ერთი მარტივი კითხვა: რატომ არ აშენდა ანაკლია? დღეს მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ანაკლიის პორტი ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსთან და ბევრ კომპანიასთან პარტნიორობით განვითარდება, თუმცა დღესაც მხოლოდ აბსტრაქტული განცხადება - კონკრეტიკის გარეშე. ეს დაპირება ხელისუფლების მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს სრულად ეწინააღმდეგება. ათი წლის განმავლობაში ერთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს და ახლა საზოგადოებას ჰპირდებიან, თურმე ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსა და ბევრ კომპანიას მოიყვანენ. სად არიან ეს კომპანიები? სად არიან ეს პარტნიორები? სინამდვილეში, დასავლელი ინვესტორები და პარტნიორები თავად დააფრთხეს, დაანგრიეს საერთაშორისო ნდობა, წლების განმავლობაში პროექტი გააჩერეს, ბოლოს კი ჩინურ სახელმწიფო კომპანიებზე დაამყარეს იმედი, თუმცა ვერც ამ მიმართულებით შეძლეს ქვეყნისთვის დამაჯერებელი და დასრულებული შედეგის მიღწევა.
ეს არის „ქართული ოცნების" მართვის სტილი- ყოველი ჩავარდნის შემდეგ ახალი პრეზენტაცია, ყოველი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ახალი მოდელი და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ახალი ახსნა. პრობლემა არასოდეს ყოფილა BOT-ი, PPP თუ Landlord-ი. მსოფლიოში ყველა ამ მოდელით წარმატებული პორტები მუშაობენ. პრობლემა არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული ხედვა, არ აქვს საერთაშორისო ნდობა და არ შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძის განმარტებით, ანაკლია არის არა მხოლოდ პორტი, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. მისივე თქმით, ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენთვის ანაკლია არასოდეს ყოფილა მხოლოდ პორტი. ანაკლია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ანაკლია არის საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. სწორედ ამიტომ „ძლიერი საქართველო - ლელო" თავიდანვე ვამბობდით, რომ ანაკლია უნდა აშენდეს სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ანაკლია უნდა გახდეს შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა ძლიერი საქართველოსკენ, მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების რეალური ხედვა. ანაკლია უნდა გახდეს სამი ქვეყნის პარტნიორობის, საერთო კავკასიური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ადგილი. ისტორია არაერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი მშვიდობა ყველაზე მყარად იქ ყალიბდება, სადაც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და საერთო ეკონომიკური წარმატება. მეზობლები როდესაც ერთად ქმნიან სიმდიდრეს, მათ შორის მშვიდობის ფასი იზრდება, ხოლო დაპირისპირების ფასი მნიშვნელოვნად მძიმდება. დადგა დრო, შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტი დაუსრულებელი დაპირებების, დაკარგული დროისა და გაცდენილი შესაძლებლობების სიმბოლოდ აქცია", - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის" მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან. მინისტრის განმარტებით, „ლენდლორდის" მოდელი არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას.
ავტორ(ებ)ი :