,,ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები, საქართველოში როგორმე გამართულიყო ლგბტ პრაიდი''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 05.07.2026 22:49

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გადაცემა „იმედის კვირისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები, საქართველოში როგორმე გამართულიყო ლგბტ პრაიდი.

ის იხსენებს, რომ 2019 წელს ბათუმში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მყოფ მიხაილ როთს მიმართა კითხვით, რამდენად მოხდებოდა საქართველოს მიმართ მოთხოვნის წაყენება, რომ ჩატარებულიყო ლგბტ პრაიდი.

„ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. იქ მომეცა საშუალება და პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე: ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი ძალიან მტკივნეული საკითხის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში", - იხსენებს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზის თქმით, კითხვის საპასუხოდ მიხაილ როთმა „შუშის თვალებით" უპასუხა:

ამ კითხვას მიხაილ როთმა ასე უასუხა: „უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად ტოლერანტობასა და პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტ თემის მიმართ. არ არსებობს გასამართლებელი საბუთი, თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. ეს სრულიად მიუღებელია".

„მან ისევ ასე - შუშის თვალებით გვითხრა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო", - იხსენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა იმავე წელს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.

„პანელის შემდეგ, ბრიუსელში 2019 წლის შემოდგომაზე ვიყავით. ეს იყო ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით, შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, ვიყავით ევროპარლამენტში. გვქონდა ბევრი სასაუბრო დრო ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან და მათაც ვუხსნიდით იმავეს - ქართველი ხალხი ძალიან მოწადინებულია, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს წნეხის ქვეშ, თავისუფლებით ისარგებლოს და ევროკავშირში იყოს, ყველაფერს აკეთებს ამისათვის, უბრალოდ, იცოდეთ, რომ თუ დღის წესრიგიდან არ მოხსნით და არ შეამსუბუქებთ ადამიანის უფლებების საფარქვეშ ლგბტ დღის წესრიგს, თქვენ მიიღებთ ანტიევროპულ განწყობებს. ჩვენ ეკლესია ვართ, ჩვენთან ხალხის განწყობები იკრიბება. ძალიან მეგობრული რჩევა იყო ეს, რომ თუ გაინტერესებთ, რა არის გამოსავალი, გამოსავალი არის ეს, რომ საქართველოს თავს არ უნდა მოახვიოთ ეს დღის წესრიგი.

სამი დღე ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას პასუხი იყო ის, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგს. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია", - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ