Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შეიძლება თავი ენერგიულად იგრძნოთ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში – ემოციები მარტივად შეიძლება გაცხელდეს. თავი შეიკავეთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ფინანსურ საკითხებთან მიმართებით კარგი დღეა დაგეგმვისთვის. თუ მუშაობთ ხანგრძლივ პროექტზე, წინსვლას იგრძნობთ. სასურველია მეტი დრო დაუთმოთ შინაურებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კომუნიკაციის დღეა – კარგი დროა ახალი კონტაქტებისთვის, საქმიანი ან პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
შინაგანი ემოციები აქტიურდება. ოჯახურ საკითხებში გაგებით მიდგომა მოგიწევთ. მუშაობა რიტმში გქონდეთ, ნუ გადაიღლით თავს ზედმეტად.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. კარგი დღეა სცენაზე გამოსვლისთვის ან თქვენი იდეების გაზიარებისთვის. მნიშვნელოვანია თავმდაბლობა წარმატების პარალელურად.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
პირად სივრცეს დიდი მნიშვნელობა ექნება. შეგიძლიათ გარკვეული დრო საკუთარ თავზე ფოკუსირდეთ. პროფესიულად მოსალოდნელია კონკრეტული საკითხების დასრულება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა კომპრომისებისთვის. შემოქმედებითად კი შესანიშნავი შესაძლებლობებია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
თქვენი ინტუიცია გაძლიერებულია. სასურველია მოუსმინოთ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსურ ან ემოციურ გადაწყვეტილებებში. მოულოდნელი ახალი ამბავი მოსალოდნელია.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მოგზაურობის, სწავლის ან გეგმების შედგენის სურვილი გექნებათ. კარგი დღეა პერსპექტივების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ ზედმეტ მოლოდინებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მოთმინება დღეს თქვენი მთავარი იარაღია. სამუშაო საკითხებში შეიძლება დაინახოთ პროგრესი, თუმცა აუცილებელია დეტალებისადმი ყურადღება. შინაგანი სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
შესაძლოა, მოულოდნელად წამოიჭრას ძველი თემა ან ადამიანი წარსულიდან. გახსოვდეთ, რომ წონასწორობის შენარჩუნება დღეს დაგეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებებში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ემოციური მგრძნობელობა ამაღლებულია. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მუსიკის ან მედიტაციისთვის. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ ოცნებაში ცხოვრებას.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია – დავით სონღულაშვილი

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ.“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.

„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით.“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს – საქართველოში ლატვიის საელჩო 

ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს! – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ლატვიის საელჩოს ავრცელებს.

“ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

მანამდე, “ლელო – ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

“დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,”- აღნიშნულია “ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის.

გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ – ნათქვამია მისალოც წერილში.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე: „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება.

ჩვენი ოჯახისთვის პატივია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ესპანეთის მეფე ფილიპე: „საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ.

ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი: „საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელს, როჯერ იანგს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელთან, როჯერ იანგთან.

შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა, საქართველოში სამხედრო მედიცინისა და შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასევე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

როჯერ იანგმა დეტალურად ისაუბრა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ორიენტირებულია სამხედრო მედიცინის კვლევასა და განვითარებაზე — მათ შორის ისეთ კრიტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ბრძოლის ველზე მიღებული ტრამვების მართვა და სისხლდენის კონტროლი. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში.

თავის მხრივ, კობა კობალაძემ როჯერ იანგს ის ფსიქო-სარეაბილიტაციაო და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო, რომელიც საქართველოში, ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის არის დანერგილი.

შეხვედრის ფარგლებში, როჯერ იანგმა, ასევე, მიმოიხილა ფონდის უახლესი პარტნიორობა საქართველოში – კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს აქვს ღრმა და სტრატეგიული ხედვა საქართველოში სამხედრო მედიცინის განვითარების საკითხებზე. ინფექციური დაავადებების მონიტორინგისა და პოსტ-ტრამვული რეაბილიტაციის პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ მომავალში,” — აღნიშნა როჯერ იანგმა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართველ მკვლევარებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში სამხედრო მედიცინის სისტემის გაძლიერებას, ვეტერანების რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშის მოადგილეები, გიორგი დუმბაძე და რომან სანიკიძე.

აღსანიშნავია, რომ როჯერ იანგი უახლოეს მომავალში გეგმავს საქმიან ვიზიტს საქართველოში.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე:

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს — ბედნიერება,!“ – ნათქვამია მილოცვის წერილში.

26 მაისი სახალხო, ეროვნული მნიშვნელობის დღეა, დაუშვებელია, ნებისმიერმა პარტიამ და სუბიექტმა ეს დღე ხალხში დაპირისპირებისთვის გამოიყენოს-ტატა ხვედელიანი

26 მაისი სახალხო დღეა, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით ნაბიჯი წინ გადავდგით. დაუშვებელია, ეროვნული მნიშვნელობის დღე ნებისმიერმა პარტიამ და სუბიექტმა ხალხში დაპირისპირებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ამ დღის ორგანიზებაში არ მონაწილეობს, თუმცა პარტიის წევრები ხალხთან ერთად იქნებიან.

„26 მაისი სახალხო დღეა, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით ნაბიჯი წინ გადავდგით. ეს დღესასწაული ქვეყნის მთავარ გამზირზე ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ. ამ დღეს, როგორც ორგანიზატორები, არცერთი პლატფორმის ფარგლებში არ ვიქნებით წარმოდგენილნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღეს ერთიანად ვიდგეთ ხალხთან და ამომრჩევლებთან ერთად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ დღის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, დაუშვებელია, ეროვნული მნიშვნელობის დღე ნებისმიერმა პარტიამ და სუბიექტმა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხში დაპირისპირება მოხდეს. ჩვენი პარტია ამ დღის ორგანიზებაში არ მონაწილეობს. ჩვენ ვიქნებით ხალხთან ერთად. დაუშვებელია ამ დღის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული დღე ქვეყნისთვის. ჩვენ ვიქნებით ჩვენს ამომრჩევთან ერთად და ვიზეიმებთ ამ დღეს. ნებისმიერი სახის რადიკალიზაციის პროცესი ამ დღეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული დაპირისპირების დროსაც ამ დღეს პარტნიორები ჩამოდიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან მზაობა, იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით. მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ემსახურება პროევროპული ფლანგის გაძლიერებას და, საბოლოოდ, იმ პროცესების განმუხტვას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ ქვეყნის მოსახლეობის ორი მთავარი მოთხოვნა აღსრულდეს – 53 პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ქვეყნის ევროპული მომავლის აღდგენა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა ჟღენტმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და მისწრაფებებზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის სატრანზიტო დერეფნებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა სტუმრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ნარგიზ გურბანოვამ.

„როგორც აზერბაიჯანის ელჩი, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსურს, მივულოცო მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერები და მუდმივი პარტნიორები არიან. ჩვენმა პარტნიორობამ რეგიონი არნახულად შეცვალა. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და სიმტკიცე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნა გურბანოვამ.

პოლონეთში უნგრეთის ელჩმა, ისტვან იგიარტომ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი უნგრეთის მხარდაჭერა დაადასტურა.

„უნგრეთსა და საქართველოს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მინდა, თქვენს ხალხს ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა იგიარტომ.

პოლონეთში სერბეთის ელჩმა, ნებოიშა კოშუტიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ელოდება.

„როგორც სერბეთის ელჩი პოლონეთში, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი, რადგან ყველა სერბი ქართველის მეგობარია. განსაკუთრებული პატივია ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. გულითადად ველოდები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც სახელმწიფო, ასევე ხალხის დონეზე. მე ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს იძენს, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა დამატებით კონტრიბუციას შესძენს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ სულ მალე თბილისში უფრო მაღალ მუდმივ დონეზე ვიქნებით წარმოდგენილი და ველოდები ჩვენი ქვეყნების ნათელ ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა კოშუტიჩმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთში იტალიის ელჩმა, ლუკა ფრანკეტი პარდომ.

„პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე. საქართველოს ელჩი, ჩემი მეგობარი შესანიშნავი დიპლომატია, რომელიც თავის მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებს“, – განაცხადა პარდომ.

პოლონეთში უზბეკეთის ელჩმა, ამირსაიდ აგზამხოჯაევმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაზე ისაუბრა.

„საქართველოს, მინდა, ვუსურვო კეთილდღეობა. როგორც იცით, უზბეკეთსა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, რაც შესანიშნავი ფუნდამენტია დღეს არსებული თანამშრომლობის მომავალში გაღრმავებისთვის, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა აგზამხოჯაევმა.

მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან, ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი-გიგა ბოკერია

მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან, ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია აბსურდული და ბინძურია.

„ბატონმა ნიკა გვარამიამ, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ გასაგები იყო, ასეთი რამე თქვა, პირი არ დამაღებინოთო თუ რაღაც არ მათქმევინოთო. ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, იქ ჩემი ძველი ნაცნობი, ბატონი დავით ბერძენიშვილი გამოჩნდა. ბატონ გვარამიას მივმართავ, რამე თუ აქვს ჩემზე სათქმელი, სცეს საზოგადოებას პატივი, დააღოს პირი და თქვას. როგორც კი ეს კომისია დაიწყო, აღვნიშნე, საერთოდ დაცინვაა მათი მომხრეების, რომ ჯერ მე არ დავუბარებივარ და დაიბარეს ხალხი, რომელსაც იმ რეჟიმთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. იქვე ვთქვი, რომ არც მივალ მაგ კომისიაზე. ასევე ისიც აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი, დაჭრების ჩათვლით, უნდათ, რათა ფოკუსი მაგაზე გადაიტანონ და არა უფრო დიდ რამეზე, რასაც ღალატობენ, ანუ ქვეყნის მთლიანად მომავალს და დამოუკიდებლობას.

სხვათა შორის, დამაბრალეს, რომ დაკითხვაზეც კი არ ჰყოლიათო, ვიღაცამ ჩამიგდო, ეგ უსამართლოა. ბარემ მაგაშიც ნუ მოიტყუებით, დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, სახელმწიფო გადატრიალებაზე და უშიშროების საბჭოს ამბებზე და ა.შ. თუმცა იმის წინ არ წავიდა რეჟიმი ჯერჯერობით. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებს, უნდა ვაღიარო. რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმაზე უნდათ, რომ პასუხი მაგებინონ, თან პირდაპირ იარლიყიც მოგეწებონ. ხვალ რომ დამიბარონ, რაც საერთოდ არ არის გამორიცხული, ბრალი წამიყენონ, დამიჭირონ, ანუ გამოვა, რომ აღარ ვყოფილვარ მოღალატე და თუ ეს არ ქნა ივანიშვილის რეჟიმმა, მაშინ მოღალატე ვარ. გამოდის, მათ ხელშია მე მოღალატე გავხდები და არა ჩემსაში. ასეთი აბსურდული და ბინძური არის ეს კამპანია, რასაც ახლა უყურებთ ყველა ამ ადამიანისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას რა ჰქვია, ვიცით, გაასხით, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს დადებული“.

თბილისის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ” და „კლეფედრონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის პირველი ნაწილი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.