Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორები ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს წარმოადგენდნენ”- საფრანგეთის ელჩი

ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე კურტომ ფრანგული სათვისტომოსადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც კრუტო აღნიშნავს, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა აქვს, მისთვის პატივია, საფრანგეთის წარმომადგენელი იყოს.

„საქართველოში მცხოვრებო ძვირფასო ფრანგებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, სიამაყით ვიწყებ დღეს ჩემი მოვალეობის შესრულებას თბილისში საფრანგეთის ელჩის რანგში. ვინაიდან ჩვენი თანამემამულეების მსახურება საელჩოს მისიის საფუძველია, მინდოდა დაუყოვნებლივ გაგცნობოდით, ვიდრე თქვენთან შესახვედრად გამოვემართები. კავკასიის ფრანგული სკოლის, ინსტიტუტის საქმიანობის, სავაჭრო პალატის, ჩვენი კომპანიებისა და ასოციაციების მეშვეობით ჩვენს ქართველ მეგობრებთან დამყარებული კავშირებით გამდიდრებული ჩვენი სათვისტომო, რომელსაც ემსახურება საელჩო და წარმოადგენს ჩვენი მრჩეველი უცხოეთში მყოფი ფრანგების საკითხებში, ცხოვრობს, ბრწყინავს და აგრძელებს ჩვენი ხალხის ხანგრძლივ მეგობრობას საქართველოსთან. მოხარული ვარ, რომ დღეს მის სამსახურში ვდგები.

საზღვარგარეთ დიპლომატიურ პოსტებსა და შეიარაღებული ძალების სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებს შორის მონაცვლეობით, ჩემი თაობის ბევრი კაცისა და ქალის მსგავსად, მძლავრად ვიყავი ჩართული 1990-იანი წლების ბოლოდან საერთაშორისო ასპარეზზე ტერორიზმის აღმოცენებით გამოწვეულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებში. ამან მიბიძგა, რომ პასუხისმგებლობა ამეღო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქმედების საერთაშორისო განხრით და, სულ ბოლოს, პარიზის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩავრთულიყავი. ამ პასუხისმგებლობების შესრულებისას, ისევე როგორც საზღვარგარეთ მუშაობის დროს, დიდ საერთაშორისო პოლიტიკურ კრიზისებში მონაწილე პარტნიორებისგან ვისწავლე ეფექტური და მოწესრიგებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის კოლექტიური ფასი გაცილებით აღემატება ეროვნული პოლიტიკების ჯამს. ამ პარტნიორობის მშენებლობა დიპლომატების პროფესიაა. ის მოითხოვს სხვებისკენ სვლას, მათ მოსმენას, ჩვენი ინტერესების დაცვას, სწორი ურთიერთშემავსებლობის ძიებას, მზა გადაწყვეტილებების თავს მოხვევის გარეშე, რომელთა შემოტანა არასდროს მუშაობს“, – აღნიშნა კურტომ.

ელჩის თქმით, ქართველი ერის იდენტობა მდიდარი და ამასთან მტკივნეული ისტორიით ჩამოყალიბდა.

„პარიზის თამაშების წარმატების შემდეგ, რომელიც ყველა ფრანგისთვის ზეიმისა და დიდი კოლექტიური სიამაყის მომენტი იყო, სხვა მოვალეობებზე გადასვლა მოვისურვე. ალექსანდრე დიუმასა და კავკასიის სხვა მოგზაურების მონათხრობით გატაცებულმა, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის იდენტობის გამძლეობით გაოცებულმა, ტრადიციებისა და მიწის სილამაზით მოხიბლულმა, რომლებიც მდიდარი და ამასთან მტკივნეული ისტორიით ჩამოყალიბდა, ბუნებრივი იყო, რომ ჩემი კანდიდატურა შერაზ გასრის შემცვლელად, თბილისში ელჩის თანამდებობაზე წარვადგინე. კინორეჟისორები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, მეღვინეები, ხელოსნები, მეცნიერები: ამ მიწაზე შემოქმედთა თაობები აყვავდა. როგორ შეიძლება, რომ ფრანგებმა, ღრმა კავშირი არ ვიგრძნოთ საქართველოსთან, რომელიც გვმასპინძლობს? საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ევროპული მისწრაფებების რეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობა არსებობს, სწორედ თბილისში მინდოდა, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობის პატივი მქონოდა, იმ ქართველებთან, რომელთა ევროპაში გაწევრიანების დიდი ხნის მისწრაფებას ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს გზა ისეთივე ლამაზია, როგორც რთული. ის ნამდვილად ლამაზია: ფრანგებს აღაფრთოვანებს ევროპული დროშების დანახვა ოფიციალურ შენობებში, მაღაზიებსა და საქართველოს ქუჩებში: ეს მოწადინება, ეს მოწოდება საჭიროებს მხარდაჭერას.

ეს გზა ასევე რთული და ციცაბოა: პირველ რიგში, არის სივრცე, გეოგრაფია, რომელსაც არასდროს ირჩევ და რომელიც ზღუდავს საქართველოს. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და 2008 წლის ომის ტრავმა ჯერ კიდევ მოუშუშებელია, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა სამუდამოდ არასდროსაა მოგებული. ასევე არსებობს ევროპულ კანონმდებლობასთან გათანაბრების ნებაყოფლობითი თანხმობის გრძელი პოლიტიკური პროცესი, ყველა იმ კომპრომისის ძიებით, რასაც ეს გულისხმობს. ამ სტრატეგიული ევროპული არჩევანის ხელახლა დადასტურება ძალიან ძლიერი ვალდებულებაა, რადგან ის გულისხმობს იმ კავშირთან თანხვედრის აუცილებელ ძალისხმევას, რომლის წევრობაც საქართველოს სურს და რაზეც მან განაცხადი გააკეთა. ეს თანხვედრაა, უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და თავისუფლად მიღებული ჩარჩოსი, რომელიც ჩვენი კავშირის საერთო საფუძველს წარმოადგენს. თანხვედრა არ არის ნაცრისფერი ერთგვაროვნება, არც ძვირად მოპოვებულ სუვერენიტეტზე უარის თქმა და არც ქართული კულტურული თავისებურებების წაშლა; ეს არის მშვიდობისა და განვითარებისკენ მიმართული ღრმა კოლექტიური არჩევანი. ის არის პოლიტიკური ნებისა და გრძელვადიანი კოლექტიური ვალდებულების ნაყოფი“, – განაცხადა კურტომ.

როგორც ოლივიე კურტომ აღნიშნა, საქართველო მარტო არ არის და შეუძლია, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს.

„ამ მხრივ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, საქართველო თავისი არჩევანის ბატონ-პატრონია. ეს რთული გზაა, მაგრამ საქართველო მარტო არ არის და იცის, რომ შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში ყველა სფეროში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს, რომლებიც მზად არიან მას დაეხმარონ, ყურადღებით მოსმენისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით. საქართველოსა და საფრანგეთს ძალიან გრძელი და ლამაზი საერთო ისტორია აქვთ, რომელიც ყოველდღიური ამბების ზღვარს სცილდება. არის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, როგორიცაა 1921 წელს რესპუბლიკის აღიარება, საფრანგეთში მათი მიღება, ვინც დამოუკიდებლობის მოგიზგიზე ცეცხლი შეინარჩუნა, 1924 წლის აჯანყების გმირები, რომელთა ხსოვნა ლევილ-სიურ-ორჟში ცოცხლობს, სადაც გასულ ხუთშაბათს ვიყავი. თუმცა, ეს მეგობრობა, უპირველეს ყოვლისა, ხალხებს შორის ყალიბდება, სადღაც ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ფესვებისა და ჩვენი ენისადმი მიჯაჭვულობის ირგვლივ. მონასტერი მდიდარი ხელნაწერებით, აბრეშუმის გზის მედრესეზე მიყრდნობილი ძველი მეჩეთი, ადამიანების თაობების მიერ დამუშავებული ვენახი, ძველი სიმღერები, სტმართმოყვარეობისა და მხატვრული გამოხატვის უნიკალური ფორმა: ჩვენს ხალხებს იმდენი რამ აქვთ საერთო.

ეს ბუნებრივი სიახლოვე უპირატესობაა ერთმანეთის გასაგებად და ამ საერთო ისტორიის ახალი და თანამედროვე გვერდების დასაწერად. ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად, აქ იმისთვის არ ვარ, რომ კარგი და ცუდი საკითხი გამოვყო ან ფუჭი საჯარო პოლემიკა ვასაზრდოო. პირიქით, ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით, მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიმუშაო, გავმართო დიალოგი ყველა ქართველთან მათი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მათი მოსმენისა და უკეთ გაგების მიზნით. და ბოლოს, მე აქ ვარ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ხელი შევუწყო საქართველოს სუვერენიტეტს, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რაც, როგორც ყველგან, თავისუფალ, შემოქმედებით და დინამიკურ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ფუნქციონირებს. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ და გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის დიალოგით: ლინგვისტური, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო, სახელოვნებო, სპორტული და მემკვიდრეობითი თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი განზომილება, ჩემთვის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედია. ის წარმოადგენს საფრანგეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის საყრდენს, რომელიც მათ ყოველთვის გააერთიანებს.

ძვირფასო თანამემამულეებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ეს საელჩო საფრანგეთის სახლია საქართველოში, ხოლო ფრანგული საზოგადოების მსახურება თბილისში საფრანგეთის გუნდის ძირითადი მისიაა. მზად ვართ რომ მოგისმინოთ და რაც შეიძლება ხშირად გამოვემართოთ თქვენს შესახვედრად. ძალიან მალე, სიამოვნებით გაგიცნობთ ახალი სამუშაო წლისადმი მიძღვნილ მეგობრულ შეხვედრაზე 14 სექტემბერს, სადაც ყველა სასურველი სტუმარი იქნებით. ჩემი ქართული ენის გაკვეთილებზე, მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილის ძალიან ლამაზ მეთოდზე „დედა ენა“ მამეცადინებდა, სადაც პატარა პოპულარული სტროფია:

„მზე – დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი“.

ვისურვებდი, რომ ქართველების თვალში, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, საფრანგეთი, საქართველოში მცხოვრები ფრანგები, მისი ევროპელი პარტნიორები წარმოადგენდნენ ამ მოციმციმე ვარსკვლავებს, ძმებსა და დებს, არასდროს დამპყრობლებს, არამედ ყოველთვის თქვენ გვერდით მდგომებს“, – განაცხადა ოლივიე კურტომ.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხი ჩინეთის ლიდერმა წამოწია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ პეკინში გამართული აღლუმის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს თემა ჩინეთის ლიდერმა წამოწია. ამავე თემას თავის დროს აქტიურად ავითარებდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. დიახ, თანამედროვე საშუალებები, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო საშუალებები, თუნდაც ქირურგიული, რომლებიც დაკავშირებულია ორგანოების ჩანაცვლებასთან, იძლევიან საშუალებას, კაცობრიობას ჰქონდეს იმედი, რომ აქტიური სიცოცხლე გაგრძელდება არა იმდენ ხანს, როგორც ეს დღესაა, და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ასაკი სხვადასხვაა, არამედ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინში, სამხედრო აღლუმზე მიმავალი სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი ბიოტექნოლოგიებზე, ორგანოების გადანერგვასა და 150 წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.

ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა.

“რაც მევალებოდა და რა შესაძლებლობაც მქონდა, საპროცესო კოდექსის 191 პრიმა მუხლის შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო ორგანონს მივამრთე[კაციას განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შესძლო დამამცირებელ მოქმედებებთან დაკავშირებით].

რაც შეეხება იმას, რასაც ბრალდების მხარე გედავებათ, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი ნეიტრალურობის და უტყუარობის შესაბამისად.

სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობას აფასებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნიკოლოზ კაციას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განმარტებით, ეს საშუალება ნიკოლოზ კაციას არ ეკუთვნოდა.

სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პირადი ჩხრეკის ჩამატარებელი პირების ჩვენებებს აფასებს. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეძლოთ თუ არა ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე ნეიტრალური მოწმის დასწრება.

სასამართლო ხაზს უსვამს რომ მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ნამდვილობა, ამასთან, მოწმეები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგონის გამო მათ ვერ შეძლეს ვიდეოს გადაღებ. გამომძიებელს შეეძლო ადგილზე შეედგინა ოქმები და დამშვიდებულ ნიკოლოზ კაციას ხელი მოეწერა…

ნიჯოლოზ კაციამ ოქმეზე მოაწერა ხელი, მისი სისწორე დაადასტურა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რიმ სტრესული ფაქტის გამო, არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ვერსიით არსებობდა შესაძლებლობა, ჩხრეკას დასწრებოდა ნეიტრალური პირი.

კიდევ ერთხელ და ათასჯერ აღვნიშნავ, ოირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა, სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რიმ სამართალდამცავებს შესძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე”,- განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს გაზიარებული.

4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 4 და 7 სექტემბერს საქართველო-თურქეთისადა საქართველო-ბულგარეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება, რის გამოც, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეზღუდვა ორივე დღეს, 10:00 საათიდან00:00 საათამდე იმოქმედებს, რა დროსაც, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1397 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1336 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია – კახა კალაძე ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენაზე

მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, იმ შესაძლებლობების გამოყენება კი, რაც ჩინეთს გააჩნია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა, „საქართველოს სულისკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც გამოიკვეთა“.

„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს გააჩნია მნიშვნელოვანია. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ მოაწერეს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის მემორანდუმები საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად შეუწყოს ხელი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების ინფორმირებას. მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ შეხვედრებში მონაწილეობით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და კულტურის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა. აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობას, ვინაიდან მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვექნება სხვადასხვა მიზანმიმართული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ შეხვედრებში ერთობლივ მონაწილეობას და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.

მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს.

ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ კობიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი მარიკა ციბაძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.

თბილისში შვილმა მამა დაჭრა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

პროკურატურის ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსთაველზე დაკავებული 11 პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს – ომბუდსმენის აპარატი

????????????????????????????????????

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთაველის გამზირზე გამართული პროტესტის დროს გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს, რომლებმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს.

სახალხო დამცველის განმარტებით, რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წლების განმავლობაში სახალხო დამცველი მიუთითებდა სამართალდამცავი ორგანოების არასწორ პრაქტიკაზე, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი ჩხრეკა ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნისა და მათი მოპოვების მცდელობის გარეშე ტარდებოდა. მიმდინარე პერიოდში სახალხო დამცველის მიერ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიებას არ უცდია მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკისა და დაკავების გარემოებების შესახებ პოლიციელების ჩვენებებში აღწერილ ვითარებას, მათ შორის, ბრალდებულის და მოწმის მიერ მოწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციას. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დამკვიდრებული ეს არასწორი პრაქტიკა, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

აღნიშნული საკითხის პრობლემურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ახობაძის, თევდორე აბრამოვის და ნიკოლოზ კაციას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებულის მიმართ უკვე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დამცველს აქვს წვდომა დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა მასალაზე, შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივის თუ დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე კვლავ განაგრძობს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებული ან მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმეთა შეფასებას და შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ამასთან, გასული ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს.

დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალური ქსელებისა და მედია პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის (სავარაუდო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქის) შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო პირებსა თუ მედია საშუალებებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებების გავრცელებისგან.

სახალხო დამცველი ასევე ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს და აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა, კრიმინალთა რუსულ ბანდას -გია ბარამიძე

გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „გიორგი გახარია კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა სააკაშვილს, დროზე რატომ არ ჩამოდიხარო“.

„ეს არის თვითაღიარება, თვითლუსტრაცია ამ ვითომ ოპოზიციონერის, რომელიც კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, თურმე დროზე რატომ არ ჩამოდიხარო. ეს ადამიანი ბაქიბუქობდა და იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სუპერძალოვანი, რომელსაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ჩადენილ დანაშაულზე, როცა ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ქართველ ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ახლა ბუნებრივია, უფრო ღიად ლაპარაკობს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, ვამბობთ – ეს არის ამ მოღალატეთა ბანდის გაგრძელება.

საერთოდ არ მიკვირს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებს, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს იყო. დავალებაა ივანიშვილის, რუსეთის მხრიდან, რომ მოახდინოს ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ზუსტად ამას აკეთებს პარლამენტში დარჩენით, თუმცა ქართველ ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩვენ ისე ვართ, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ შევუწყობთ ხელს და არ ვიქნებით ამ პარლამენტშიო. ახლა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, უტიფარი მატყუარაა, რომ მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში სწორედ იგივე მიზნისთვის, რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა, – ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

„სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.

ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის გავლა 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, ვებგვერდზე – https://vet.emis.ge შეეძლებათ.

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში. მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.

ასევე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად, 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.

პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას აგრძელებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა”-The New York Times

„პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ პოლ სონის სტატიას, რომელშიც განხილულია ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში და მისი შეხვედრები ევრაზიელ ლიდერებთან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO – Shanghai Cooperation Organisation) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის ჩარჩოებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამი წლის წინათ ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და თავდაცვითი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტზე მძიმე განწყობა სუფევდა: ისე ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თავში იყო ჩაკეტილი და დამარცხების წინაშე იდგა. იმ სამიტის დროს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შეშფოთება გამოხატა ვლადიმერ პუტინის სპეცოპერაციის გამო უკრაინაში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მრავალმნიშვნელოვნად თქვა: „დღეს ომების ეპოქა არ არის“. სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოების ლიდერები თავიანთ რუს კოლეგას თითქოსდა იძულებით ხვდებოდნენ და მოკლე საუბრის შემდეგ სწრაფად მარტოდმარტო ტოვებდნენ. რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მარცხდებოდა და უკან იხევდა…

მაგრამ ეს სამი წლის წინ იყო. დღეს ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა შეცვლილია – ისევე როგორც მისი გარემომცველი მსოფლიო. ეს ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა ევრაზიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მთავარი ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ჩატარდა.
ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა მაღალი ტრიბუნით და დასავლეთი ყველას გასაგონად დაადანაშაულა უკრაინის ომში. მან ბედნიერი სახით ჩამოართვა ხელი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და რაღაცაზე სიცილით საუბარი დაიწყო, როცა მათ ორივეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი შეუერთდა. ირანის, ნეპალის, ტაჯიკეთის, თურქეთის და ვიეტნამის ლიდერები რუს პრეზიდენტს თამამად და სიხარულით ესალმებოდნენ, მათი დახურული მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ომი გარკვეულწილად მოცემულობად გადაიქცა, ჩვეულებრივ მოვლენად“, – ამბობს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი მარია რეპნიკოვა, ჩინეთისა და რუსეთის სპეციალისტი, – „ყველაფერი თავის რიგით მიდის, თითქოს არავითარი ომი არ არის და არც ათასობით ჯარისკაცი არ იღუპება“.

უკრაინის საგარეო საქმეტრა სამინისტრომ თავის განცხადებაში გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ სამიტის შემაჯამებელ, დასკვნით კომუნიკეში საერთოდ არ არის ნახსენები ის „უდიდესი, სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ხდება“.
თანაც ამ დროს ყველა ჩუმად არის და არაფერს ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელიც არათუ დაეხმარა თავის რუს კოლეგას იზოლაციიდან გამოსვლაში და პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ამერიკის მიწაზე მიიღო, არამედ წაეჩხუბა ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერებს და ამით ისინი პუტინს დაუახლოვა.

დონალდ ტრამპისა და ნარენდრა მოდის ურთიერთობა ძალიან გაუარესდა. იმის ნაცვლად, რომ ინდოელმა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადოს პაკისტანთან ომის შეწყვეტაში შუამავლობის გამო, ნარენდრა მოდი აშშ-ის მიმართ უკმაყოფილობას ამჟღავნებს – დონალდ ტრამპმა ინდოეთს სავაჭრო ტარიფები გაუზარდა, რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ჩაუჯდა რა ვლადიმერ პუტინს პირად ლიმუზინში მოსალაპარაკებლად, ორივემ 50 წუთი საიდუმლოდ ისაუბრა, შემდეგ კი ტელეკამერების წინაშე ნარენდრა მოდი თბილად მოეხვია ვლადიმერ პუტინს და ზოგიერთებს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინდოეთს აქვს სხვა ვარიანტებიც.

უკრაინასთან ომის პირველივე დღეებიდანვე რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს თავის დიპლომატიურ ურთიერთობებს არადასავლურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიებად გადაიქცნენ რუსეთის სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკისათვის.

„საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ რუსეთმა სამწლინახევრიან მძიმე კონფლიქტს გაუძლო, საკმაოდ მტკიცედ დგას ფეხზე და ნელა, მაგრამ მაინც წინსვლას აგრძელებს, არამედ იმაშიც, რომ რუსული დიპლომატია მოხერხებული და ოსტატური გამოდგა“, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამების დირექტორი, – „მოსკოვმა დიპლომატიური ურთიერთობების ისეთი ქსელი ააწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკისათვის, ძალას მატებს პუტინის სისტემას და ომის ნეგატიურ შედეგებს არბილებს“.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოჩენილ თბილ დამოკიდებულოებასაც აქვს თავისი საზღვრები. რუსეთის ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან ღრმა გამყინვარებაშია. ბრიუსელი ლაგამს სდებს რუსეთის იმ პარტნიორებს, რომელებიც ევროკავშირთან ვაჭრობით შემოსავალს იღებენ. ასეთი ქვეყნები თავს იკავებენ რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების აღიარებისაგან და კრემლის სპეცოპერაციის მხარდაჭერისაგან.
მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებულმა სავაჭრო ომებმა და მისმა ცვალებადმა საგარეო პოლიტიკამ კრემლს შესაძლებლობების „ფანჯარა გაუღო“. შედეგმაც არ დააყოვნა: პუტინმა და სი ძინპინმა განაცხადეს, რომ ერთმანეთისათვის ისინი უფრო მჭიდრო და სტაბილური პარტნიორები გახდნენ. სხვათა შორის, პუტინი ჩინეთს წლების წინ აფრთხილებდა იმ „ხელოვნური ქაოსზე, რომელსაც აშშ თესავს მსოფლიოში“.

„ჩინური დასაბუთება, რომელსაც მხარს რუსებიც უჭერენ, იმაში გამოიხატება, რომ მსოფლიოში განხეთქილების შემტან წყაროს სწორედ აშშ წარმოადგენს, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, – მათთვის ეს უკვე უბრალო მემი და დისკუსიის საკითხი აღარ არის, არამედ სრული ჭეშმარიტება და სიმართლეა“.

ტიანძინის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი მეორე მსოფლიო ომში იაპონელ ოკუპანტებზე გამარჯვების (კაპიტულაციის) 80 წლისთავს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი ჩინეთში დარჩა და მონაწილეობა მიიღო პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში – ანალოგიურად იმისა, რაც რუსეთმა 9 მაისს ჩაატარა მოსკოვში, წითელ მოედანზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. სი ძინპინი იმ სამხედრო აღლუმს პირადად ესწრებოდა, ახლა კი მან რუს სტუმარს უმასპინძლა.

მაგრამ მოსკოვის ძალისხმევისა და რუსული დიპლომატიის სიმარჯვის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებსაც რუსეთი თავისი ინტერესების სფეროდ თვლის, კრემლის გავლენა სუსტდება.
შანხაის სამიტის დროს კრემლს პასუხის გაცემა მოუწია რთულ კითხვაზე აზერბაიჯანთან მიმართებით – შეხვდებოდა თუ არა იგი ილჰამ ალიევს, რომელიც ასევე იმყოფებოდა ტიანძინში.

გასულ თვეში ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავიდნენ და დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა კრემლს დაასწრო და შუამავლის ინიციატივა „ხელში ჩაიგდო“, რასაც ადრე რუსეთი ასრულებდა ხოლმე. სხვათა შორის, პუტინი ტიანძინში მყოფ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, ილჰამ ალიევს კი არა.

სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა ტიანძინის სამიტს „დასავლეთისადმი პასუხი“ უწოდა, რომელსაც ბაჟებისა და ტარიფების ზრდით და დოლარის როლით მსოფლიო ბატონობის მოპოვება სურს.
„ის, რომ დასავლეთის კონკურენტები არამარტო გაიზარდნენ, არამედ ისტორიულ „კოლექტიურ დასავლეთს“ ბევრ სფეროში სჯობნიან კიდეც, ეს ყველასათვის აშკარაა“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: