Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვერძის სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესაძლებელია რამდენიმე ახალი, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ, რაც მომავალში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და პარტნიორების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ.

კურო

აქტიური დღეა, თუმცა ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი იყოს. მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტი და გაუგებრობა გამოიწვიოს. ფინანსური წარმატება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ახლა დაკარგულის დაბრუნება გაგიჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. მამაკაცებს ვურჩევთ, რომ ემოციები აკონტროლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი გახდეს. მოერიდეთ უხეშობას, კატეგორიულ ტონს და ურთიერთობის გარკვევას. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაქციოთ. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, რისკთან დაკავშირებული ქმედებები და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობა – დაზიანების ალბათობა მაღალია.

კირჩხიბი

ქაოსური დღეა, რომელიც ბევრ კირჩხიბს სანერვიულო მიზეზს მისცემს. თავშეუკავებლობა გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას გამოიწვევს, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე მოაგვაროთ. ფინანსური კეთილდღეობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება მთლიანად თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა სრულ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და კოლეგების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. უფროსობას ნუ ეცდებით – ამ დღეს თქვენი მოზღვავებული ენერგია შეიძლება დამანგრეველი იყოს. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ, ურთიერთობები დაალაგოთ და დასახული მიზნისკენ თანმიმდევრულად იაროთ – წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ქალწული

თავს მხნედ გრძნობთ, მაგრამ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და კოლეგების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობით სავსე ხართ და შრომისმოყვარეობა გახასიათებთ, მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება, ცუდი სამსახური გაგიწიოთ.

სასწორი

ჭეშმარიტებაში წვდომისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. სასურველია სუფთა ჰაერზე ვარჯიში, მოგზაურობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები. თუ ამ დღეს ახალი საქმის დაწყება შემოგთავაზეს, დაეთანხმეთ – ვარსკვლავები ნებისმიერ საქმეში წარმატებასა და კეთილდღეობას გპირდებიან. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობად ჩამოყალიბდება.

მორიელი

დაძაბული სამუშაო დღე გელით. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული შრომატევადი სამუშაო თქვენგან დამატებით ძალებს მოითხოვს. ეცადეთ, არ მოდუნდეთ და წვრილმანები არ გამოგეპაროთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება სამსახურებრივ პრობლემებზე გადაიტანოთ, რადგან ამაზე თქვენი ფინანსური მდგომარეობაა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რასაც ახლა ხელიდან გაუშვებთ, მომავალში ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იქნება.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, მაგრამ ზოგჯერ მოზღვავებული ენერგია პრობლემებს გვიქმნის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი, ფარული მტრის ინტრიგები ან ღია აგრესია პარტნიორის მხრიდან. სავარაუდოდ, უაზრო და უსარგებლო კამათი დიდ დროს წაგართმევთ.

თხის რქა

პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო მუშაობის დროს არასწორი გათვლები და შეცდომებია მოსალოდნელი. ამან შეიძლება, გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და პარტნიორებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ, ყველა ღონე იხმაროთ, რათა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. თუ თქვენს სამსახურებრივ ან სოციალურ მდგომარეობას საფრთხე დაემუქრა, ნუ ინერვიულობთ – დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება.

მერწყული

მშვიდი სამუშაო დღეა. გირჩევთ, ყურადღება პირად საქმეებზე და ჯანმრთელობის გაკაჟებაზე გაამახვილოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ეს შესაძლოა, რემონტს ან ავეჯის შეძენას უკავშირდებოდეს, თუმცა ნურც მეზობლებთან კონფლიქტს გამორიცხავთ. მარტოხელა მერწყულს თანამოაზრეებთან საინტერესო შეხვედრები ელის.

თევზები

მძიმე დღეა. დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. ამ ვითარებას საზოგადოებრივი ცხოვრების არახელსაყრელი ფონი გაართულებს. არ მოდუნდეთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ახლა რასაც დაკარგავთ, იმის ანაზღაურება ძნელი იქნება.

ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

29 ივნისის დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის მეორედ 2025 წლის 29 ივნისს ხვდება. მისი პსჟ ლიონელის „ინტერ მაიამის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშება.

ხვიჩა ლეგენდასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს:

„ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიაზე ლიონელ მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილზე დავრჩენილიყავით.

უცებ, მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამომართვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ამხელა ფეხბურთელი დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის. მაგარი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ“, – ვკითხულობთ სერია „ლეგენდების“ წიგნში „ლიონელ მესი“.

22 წლის ქართველი ვარსკვლავი 36 წლის არგენტინელს 2023 წელს პარიზის „შატალეს“ თეატრში შეხვდა. 30 ოქტომბერი იყო, დიეგო მარადონას დაბადების დღე.

„მოქმედების დროა“ – სენატორი გრეჰემი აცხადებს, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს უჭერს

აშშ აპირებს, აიძულოს რუსეთი, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, შესაბამის კანონს ხელი მოაწეროს.

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი პროგრესია მიღწეული კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი? თუ თქვენ რუსეთიდან შეიძენთ პროდუქტებს და არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ შეერთებულ შტატებში იმპორტირებული თქვენი პროდუქცია 500%-იან ტარიფებს დაექვემდებარება. ინდოეთი და ჩინეთი პუტინის ნავთობის 70%-ს ყიდულობენ. ისინი მის საომარ მანქანას უჭერენ მხარს. ჩემს კანონპროექტს 84 თანაავტორი ჰყავს. ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფები დააწესოს, რათა ისინი აიძულოს, შეწყვიტონ პუტინის საომარი მანქანის მხარდაჭერა და მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ უბიძგოს“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მოქმედების დროა – კანონპროექტის წინ წასაწევად“. ამავდროულად, გრეჰემმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ტრამპს მისცემს ინსტრუმენტს, რომელიც მას დღეს არ აქვს.

„ივლისის შესვენების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მიღებას“, – აღნიშნა გრეჰემმა.

მისი აზრით, ტრამპი ხელს მოაწერს დოკუმენტს, თუმცა მას აქვს უარის თქმის უფლება.

„ჩვენ ვცდილობთ, პუტინი ვაიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა სენატორმა.

,,რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც”- მეუფე შიო მუჯირი

რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს…. რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.

დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.

როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).

დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის – ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა, თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდება. შენ თუ პირველად ეძიებ მას – უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს ყველაფერ იმას, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.

მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე. ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა – პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ამასთან, მეუფემ აბიტურიენტები დალოცა.

„დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

,,გერმანიის ელჩი თუ თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა”- შალვა პაპუაშვილი

გერმანიის ელჩმა თავისი გუშინდელი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას დაადასტურა, რომ მას ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, თუ ელჩი „თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა“.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, ვენის კონვენციის მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან.

„რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?

თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღი აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვითმიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული „ადამიანის ღირსების“ შელახვაა.

ხოლო თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.

ვენის კონვენციის მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.

წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე – კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ახლა, არც მერე, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს.

კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი.

„წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.

კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!“, – წერს ვაშაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე იმავე დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.

თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი – გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას იზიარებს.

„არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა“, – მიიჩნევს ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან და გედევან ფოფხაძესთან გერმანიის ელჩის მისვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!

ეს გერმანელებსაც ეხება”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ეჭვი არ გვეპარება, რომ სანქციებს მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია – ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ მის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებენ, ევროპის ზოგადი, საკმაოდ თავგასული განწყობის გათვალისწინებით, რის გამოც ახალი შეზღუდვების შემოღებას არ დააყოვნებენ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების მე-18 პაკეტის კომენტირებისას განაცხადა.

„ვნახოთ, რა ფორმით მიიღებენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია. ისინი შეზღუდვების ახალი პაკეტების შემოღებას გააგრძელებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე ისწავლა სანქციების შედეგებთან გამკლავება.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ გარკვეული წინააღმდეგობა, ვისწავლეთ, თუ როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ამიტომ, ეს ყველაფერი დამატებით მუშაობას მოითხოვს; საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების გარშემო არ ბრუნავს. ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ“,- აღნიშნა პესკოვმა.

30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვაზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ გაცხადებული, გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია – საგამოძიებო კომისია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილია დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აამვე ცნობებით, რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისი საბოლოო პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

დღის წესრიგის მიხედვით, „სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.“

„30 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი. ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 ივნისს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავე დღეს იგივე ბრალით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მანამდე, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

კაია კალასმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთში და შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. განვიხილეთ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ, მდგრადობისა და კეთილდღეობის განმტკიცება“, – წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? – თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის – ნიკოლ ფაშინიანი

მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, ან სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან : მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც მონაზვნობის აღთქმას დებენ, დებენ ფიცს, აღთქმას, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ.

„ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სასულიერო პირების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

„საეკლესიო პირები, მათი ქმედებების გამო, ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.