Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისობის პროგრამა ასე გამოიყურება:

ორბელიანის მოედანი

20-21 სექტემბერი

12:00-22:00

 ღია კინოთეატრი

 შემოდგომის ნუგბარი

 ყველის და ღვინის კუთხე

 ქალ მეწარმეთა ასოციაცია

 კაფე „ლაღიძის წყლები”

 სამეწარმეო მარკეტი

 თემატური ფოტოზონები

 ტკბილეულის სივრცე

 კვების ზონა

 საბავშვო კონცერტები

 საბავშვო/გასართობი აქტივობები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 საღამოს კონცერტები

 ელექტრონული მუსიკა

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია

 14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი

 20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“

20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი

 13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი

  • 16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი

21 სექტემბერი – ნტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

აბანოთუბანი

20 და 21 სექტემბერი

 12:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკი

20 და 21 სექტემბერი

12:00 – 22:00

 გასტრონომიული ფესტივალი

 სამეწარმეო მარკეტი

 ტკბილეულის ფესტივალი

 ღვინის და ყველის სივრცე

 ლუდის ზონა

 დეკორატიული თაღი და ხეივანი

 ატრაქციონები

 ღია კინოთეატრი

 თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 ზღაპრის გმირების მსვლელობა

 სხვადასხვა საბავშვო – გასართობი აქტივობები

 სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.

 საბავშვო კონცერტები

 საღამოს კონცერტები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი

20 სექტემბერი

 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

 14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი

 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი – ევროპის მოედანი

 20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.

„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფეტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით.

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ.

იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

“სწორედ მომხმარებლის ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები თუ პარტნიორი კომპანიები იქნება ყველაზე რელევანტური კონკრეტული შეთავაზებების დროს და რამდენად ვაკმაყოფილებთ მომხმარებელთა საჭიროებებს. ნებისმიერი კამპანიის დროს, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად დიდი სარგებელი, პარტნიორ კომპანიებს კი, მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისის მომხმარებლებს”- აკა სანიკიძე, პროდუქტის მფლობელი.

თიბისის გუნდის ეს მიდგომა ყოველთვის წარმატებულია, რაც წლევანდელი წინასასკოლო შეთავაზებების შედეგებითაც ნათელია.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისთვის დასჭირდებოდათ. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან”, – ბექა ჭაფოძე, თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი.

წინასასკოლო შეთავაზებების დროს თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

(R)

ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს -მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი. ძალიან ბევრი საკითხის მიბმა და დაკავშირება ხდება ამ საკითხთან. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი მცდელობები, რომ თავად ევროკავშირის პროცედურებში შესულიყო გარკვეული გამარტივებული წესები იმისთვის, რომ უფრო მარტივად მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. ერთგვარად, სხვა აქტუალური თემა არ დგას დღეს ევროკავშირში და შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები, მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის; უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საფუძვლები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს მოეთხოვა გარკვეული ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მიაწოდა ევროკავშირის მხარეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე ხშირად გვესმის ფრაზა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებ, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა და ამას ვინც ამბობს, ალბათ იქვე უნდა ვკითხოთ, თუ რა არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივალთ ორ კანონამდე, რომელსაც იყენებენ დღეს იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები, რომელიც არაფერ შუაში არ არის უვიზო მიმოსვლასთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მეც ვარ ის პოლიტიკოსი, რომელმაც სრულიად გაცნობიერებულად მხარი დავუჭირე კანონს გამჭვირვალობის შესახებ“ და მხარი დავუჭირე კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ მარტივი მიზეზით, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს სჭირდება სტაბილურობას და ამას აქვს ძალიან სერიოზული საფუძვლები, თუ რატომაც მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ეს ორი კანონი. ეს არის სრულიად ლეგიტიმური გადაწყვეტილებები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი და ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენს ამომრჩეველს, იმ ადამიანებს, ვინც დგანან ჩვენ უკან, რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატებთ ვერანაირი შანტაჟის ფასად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, ამ პირობებში რატომ არის გაიგივებული ეს ორი კანონი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს, რა პროცესები წარიმართა ამ კანონებთან, განსაკუთრებით, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

„ეს იყო სრულიად მიუღებელი, რადგან სწორედ გამჭვირვალობა შეუშლიდა ხელს იმ ორგანიზაციების მოქმედებას თუ საქმიანობას, იმ თვალსაზრისით, რომ გამჭვირვალე გახდებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ საიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, ჩვენ რომ ვეძახით, და საიდან ფინანსდება პოლიტიკაში ჩვენი ოპოზიცია, თუ როგორ ხდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, უნდა იცოდეს და ეს გააკეთა სწორედ იმ კანონმა, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების. ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო გააკეთებდა იმავეს, თუკი ეს დასჭირდებოდა მათი უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას.

„ნებისმიერი სახელმწიფო იქნება ღია, განიხილოს უცხო ქვეყნის დაფინანსება და ჩარევა საკუთარ საშინაო საქმეებზე, როგორც საფრთხე. ასე რომ, საქართველო არ უნდა იყოს ის გამონაკლისი, რომ ჩვენ ამაში ვხედავდეთ გარკვეულ საფრთხეებს, როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ ჩარევებზე და უცხოურ დაფინანსებებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს, ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს -კახა კალაძე

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას მიერ გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოში.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი დიპკორპუსი ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას ახალისებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ამ ძალადობრივი ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომლებიც ახალისებენ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკლერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ეხება.

„რამდენჯერ უნდა დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი? ის განცხადებები და მაგალითები, რომელზეც საუბრობთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. რომელია პოლიტპატიმარი? „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესროდა პოლიციელს თუ ჯოხს რომ ურყამდა და ქვებს ესროდა? რეალურად ვუყურებ და ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. პოლიციელთან, რომელიც დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, მიდის ახალგაზრდა და ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, აქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვას ადამიანები, გამოდიხართ და გმირად გინდათ შერაცხოთ და მე ვუყურებ ცალმხრივად მოვლენებს? ერთნი არიან ესენი, რა ვერ გაიგეთ? აქაურ აკაცუკებს ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს. ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება განცხადებებს, როგორც ევროპარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, იგივე ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის მაგალითიც მოიყვანეთ, არის სიცრუეზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია -გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

„კვლევები ყოველთვიურად 12 წერტილში ტარდება და განსაზღვრავს ზღვის წყლის პარამეტრებს: 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩოდირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება – “ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს”, ძალადობის მხარის არჩევა -შალვა პაპუაშვილი

დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე სკანდირება – „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი ამით დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.

„დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება, ძალადობის მხარის არჩევაა.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს – კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, – წერს პაპუაშვილი.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებულია, ამიტომ დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ და შრომის ნაყოფიერებას გაზრდის. გირჩევთ, სამსახურში აქტიურობა შეამციროთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. შეიძლება რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ – იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ, ბევრი რამ არის დამოკიდებული.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. თუ საკუთარ ფიქრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ. არ დაივიწყოთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. ეს შეიძლება კარგი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდეს. კარგი იქნება, რომ დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

ტყუპები

ამ დღეს პირველ ადგილზე ოჯახური საკითხები დგას. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ, მხარი დაუჭიროთ და სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოთ. ძველი გამოცდილება ახალი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სხვა ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა ეს არ გაღელვებთ, რადგან ადამიანების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, საკუთარ თავს და საკუთარ საჭიროებებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დიდი ხნის სურვილი ახდეს. შრომატევადი და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მთელი ყურადღება წვრილმან საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. წარსულში დატოვეთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით – ვარსკვლავების მხარდაჭერა რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ლომი

მშვიდი და მოზომილი დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სუფთა ჰაერზე, მარტოობაში გაატარებთ და სულიერ წონასწორობას აღიდგენთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

ქალწული

გასული დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს. უამრავი საქმე გაქვთ და თქვენი ნერვული სისტემა უკვე ზღვარზეა. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტივობა შეამციროთ და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. მარტოობაში გატარებული დრო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება – კარგად გაერთობით და თქვენთვის საინტერესო საკითხებსა განიხილავთ.

სასწორი

წარმატებული და საინტერესო დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მშვიდად შეხვდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. დიდი პრობლემები არ გელით, მაგრამ მცირე უსიამოვნებები გამორიცხული არ არის. ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მორიელი

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან და ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ მინიშნებებსა და ქვეტექსტებს. პირად ცხოვრებას სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ – შესაძლოა, თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ.

მშვილდოსანი

ენერგიული და მიზანდასახული ხართ და სიახლეების არ გეშინიათ. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და საეჭვოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგი მშვილდოსანი მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა, საინტერესო ღონისძიებები და გართობა გელით. ხელსაყრელი დღეა სწავლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება.

თხის რქა

შესაძლოა, საყვარელი ადამიანის საქციელმა იმედი გაგიცრუოთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ – მოსალოდნელია, რომ მალე თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ შეიცვალოს. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს.

მერწყული

ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც კარგად გეხერხებათ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს საოჯახო საქმეების მოგვარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ და სიხარულს მოგანიჭებთ. თუ სხვების ნამუშევარი არ მოგწონთ, ყველაფერი თავად უნდა აკეთოთ. ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

თევზები

რთული და დაძაბული დღეა. ახლა ოცნებების დრო არ არის, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, პრაქტიკულ საკითხებს და დაგროვილ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება. ეცადეთ, გულწრფელი საუბრებისთვის დრო გამონახოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს ჯობია მოერიდოთ.

პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია შვიდი პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით.

თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯუანშერ ბურჭულაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

წერილი “ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა მიაწოდა.

„ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, მსურს, განვმარტო ამ ეტაპზე ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა.

ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ „ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში“, თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1-ლ იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუ ბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ვიხელმძღვანელე “დეკლარაციის შევსების შესახებ“ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს.

რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოსდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით – მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული სახლის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ ორიც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინაც, მათ შორისაა ორი ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება“, – წერს ბურჭულაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ შათირიშვილი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდას და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაური ქუთაისში დღეს ხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. 

„ჩვენ დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები. აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, დღეს ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები გადაეცა. 

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ასეთი პროექტები. ერთდროულად ხორციელდება ხუთ სხვადასხვა ქალაქში და ჯამში ათასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ინვესტიციების ჩადება.

ჩვენ ასევე მოვინახულეთ ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იქაც დავათალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ასევე ვადებში ხორციელდება. გვინდა, რომ ყოფილი პარლამენტის შენობის გარშემო განვითარდეს არსებული სივრცე სხვადასხა კუთხით, მათ შორის ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ შარშან, რომ აშენდება ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში და უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით. მომავალ წელს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები და განსაზღვრულ ვადებში ქუთაისი მიიღებს ახალ სპორტის სასახლეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება ძალიან დიდი სკვერი, რომელიც უმასპინძლებს ქუთაისელებს, ქუთაისის სტუმრებს და იქნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე.

„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის განვითარებისთვის. ქუთაისზე ზრუნვა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში და ამასთან დაკავშირებითაც, მეტ დეტალს საზოგადოება გაიგებს ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ ათი ათასობით სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელს შეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.